ახალი ამბები

ხუთი ყოფილი პოლიციელის გამართლებას საპროტესტო აქცია, პროკურატურასა და სასამართლოს ურთიერთბრალდებები მოყვა

აქციის მონაწილეები, რომელთაგანაც ზოგიერთს კოალიცია ქართული ოცნების დროშები ეკავა ხელში, 5 ივლისს ახალციხის სასამართლოს შენობის წინ შეიკრიბნენ, რათა ადგილობრივი სასამართლოს მიერ იმ ხუთი ყოფილი პოლიციელის გამართლება გაეპროტესტებინათ, რომელთაც დაკავებულთა არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო საქმეებზე ჰქონდათ წაყენებული სხვადასხვა ბრალდებები. 

2012 წლის ნოემბერში ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი დააპატიმრეს და იგი 2009 წლის იანვარში თავისი ხელქვეითებისათვის სკამის ფეხით დაკავებულის გაუპატიურების ბრძანების გაცემაში დაადანაშაულეს. მას და რამდენიმე პოლიციელს ასევე წაუყენეს ბრალი 2011 წლის 27 მაისს სამი ოპოზიციური აქტივისტის უკანონო დაკავებისა და ცემის სავარაუდო საქმეზე.

2013 წლის 3 ივლისს ახალციხის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და პოლიციის ხუთი ყოფილი თანამშრომელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

5 ივლისს სასამართლოს წინ გამართული აქციის მონაწილეები ხვედელიანის და პოლიციის კიდევ ოთხი თანამშრომლის დაპატიმრებისკენ მოუწოდებდნენ და მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილს აკრიტიკებდნენ, რომელმაც გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, მომიტინგეებმა სასამართლოს შენობას კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ შენობას ქვებიც ესროლეს, რის შედეგადაც შენობის ფანჯარა ჩაიმსხვრა და სასამართლოს თანამშრომელმა დაზიანებები მიიღო. კუბლაშვილმა პოლიცია გააკრიტიკა დაგვიანებული ჩარევისთვის და სამართალდამცავებს ქვების სროლის ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია შენობის დაზიანების ფაქტზე. 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში სამინისტრომ აღნიშნა, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი „კანონის შესაბამისად მკაცრად დაისჯება“.

ამ ინციდენტს ასევე მოყვა ურთიერთბრალდებები პროკურატურას და სასამართლოს შორის. პროკურატურამ განაცხადა 4 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, რომ გამამართლებელი განაჩენი იმ უამრავი მტკიცებულების მიუხედავად იქნა გამოტანილი, რომელიც მოიცავდა სასამართლო ექსპერტიზის, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებს, რაც საფუძვლიანს ხდიდა ყოფილი პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს. თუმცა უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა არ იძლეოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის სტანდარტს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები „არა თუ არ შეესაბამებოდნენ ერთმანეთს და დაზარალებულთა ჩვენებებს, არამედ ხშირ შემთხვევაში გამორიცხავდნენ დაზარალებულთა მიერ მითითებულ ფაქტებს“.  

პროკურატურამ განაცხადა, რომ განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, სასამართლო სხდომის თავმჯდომარე „არაფორმალურად“ შეხვდა პროკურორს და „ურჩია“ მას, რომ ბრალდებულებთან საპროცესო გარიგება დაედო. უზენაესმა სასამართლომ უარყო ეს ფაქტი და პროკურატურა სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა. სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ სწორედ პროკურორი მივიდა მოსამართლესთან და არა პირიქით, რათა შესაძლო საპროცესო გარიგების საკითხი განეხილა.

5 ივლისის საპროტესტო აქციაზე საუბრისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ აქციები და საპროტესტო ლოზუნგები ვერ შეცვლის სასამართლოს განაჩენს.

„ერთადერთი გზა, რომ შეიცვალოს განაჩენი არის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება ამ გადაწყვეტილების… ისე, რომ რაღაც მტკიცებულებები მაინც არსებობდეს… თუკი ასეთი მტკიცებულებები არ იარსებებს, მას ვერავინ ვერ გააჩენს საქმეში და დადგება იგივე განაჩენი, რაც დადგა პირველი ინსტანციის სასამართლოში“, – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

პროკურატურის პრესსპიკერმა ხათუნა პაიჭაძემ განუცხადა Civil.ge-ს 5 ივლისს, რომ პროკურატურა მას შემდეგ გადაწყვეტს მიმართოს თუ არა ზემდგომ ინსტანციას, რაც ახალციხის სასამართლო ვერდიქტის წერილობით დასაბუთებას წარმოადგენს, რაც ორი კვირის მანძილზე უნდა მოხდეს.

მამუკა ხვედელიანი, რომელიც ბორჯომის პოლიციას 2005 წლიდან 2012 წლის დასაწყისამდე ხელმძღვანელობდა, ხოლო 2012 წლის თებერვალში ბორჯომის გამგებელი გახდა,  ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო ბორჯომში, სადაც მან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა 36.5%-ით წააგო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button