ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ „უცნაური“ არჩევანი გააკეთა 9 ივნისს საკუთარი რიგებიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შვიდი წევრის არჩევისას.

„მოსამართლეებმა მართალია უცნაური გადაწყვეტილებები მიიღეს, მაგრამ მიიღეს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ ჩათვალეს, როგორც ჩანს, რომ კარგია. ახლა ეს გადაწყვეტილებები საჭიროა შემოწმდეს პრაქტიკაში, რომ ჩვენ ყველამ დავინახოთ, რამდენად თავისუფალი და დამოუკიდებელი საქმიანობა შეუძლია იმ ადამიანს, ვინც მათ აირჩიეს“, – განაცხადა წულუკიანმა, რომელიც ამჟამად ლიტვას სტუმრობს; მან ასევე განაცხადა, რომ არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა.

„რა თქმა უნდა, გასაოცარია და არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ყველაზე ოდიოზული ფიგურა, რომელიც ასეთად მოიაზრება საზოგადოებაში, ყოველ შემთხვევაში გარედან, პირველივე ტურში უპრობლემოდ იქნა არჩეული“, – განაცხადა წულუკიანმა.

მას სავარაუდოდ მხედველობაში ჰყავდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი, რომელიც საბჭოს წევრობის ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელმაც ადგილი კენჭისყრის პირველივე ტურში მოიპოვა.

„ჩვენ დაგვჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა ამ წევრებთან იმისთვის, რომ მომავალი რეფორმის ნაბიჯები გადაიდგას დაგეგმილად და სწორად“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა გააკრიტიკა იუსტიციის მინისტრის განცხადება და მას „აბსოლუტურად დაუშვებელი“ უწოდა.

„მე არ მომისმენია მინისტრის ეს გამონათქვამი, მაგრამ თუ ასეა, მე მგონი, ეს არის შეურაცხყოფა ბატონი ზაზა მეიშვილის – და მითუმეტეს, იუსტიციის მინისტრის მხრიდან, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი. მე ვფიქრობ, რომ იგი მიხვდება, რომ არ შეიძლება ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს მოსამართლეს, რომელიც მთელი თავისი წლები, რაც მუშაობს სასამართლო სისტემაში, ყოველთვის გამოირჩეოდა წესიერებით და უმაღლესი პროფესიონალიზმით“, – განუცხადა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს 10 ივნისს.

იუსტიციის 15–წევრიანი საბჭოს დაკომპლექტება მიმდინარე კვირას დასრულდება მას შემდეგ, რაც პარლამენტი საბჭოს ექვს არამოსამართლე წევრს აირჩევს იმ 35 კანდიდატიდან, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს იურისტთა აკადემიურმა წრეებმა, იურიდიული პროფილის, სასამართლოში მუშაობის გამოცდილების მქონე არასამთავრობო  ორგანიზაციებმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ წარუდგინეს.

„გამომდინარე იმ შედეგებიდან, რაც მოსამართლეებმა გუშინ აჩვენეს, ახლა პარლამენტზე არის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დამოუკიდებელ, კომპეტენტურ და მიუკერძოებელ ექვს წევრს აირჩევენ [იუსტიციის საბჭოში]“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, თუ დარჩენილი ექვსი წევრი მიუღებელი იქნა საზოგადოებისთვის, შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმას საქართველოში პრობლემები შეექმნება არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერიოდშიც. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button