skip to content
ახალი ამბები

შუალედური არჩევნები სამ ოლქში მიმდინარეობს

27 აპრილს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნები ნაძალადევის, ბაღდათის და სამტრედიის ოლქებში დილის 8 საათიდან  მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, განაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

17 საათის მონაცემებით, ნაძალადევის ოლქში რეგისტრირებული 140 892 ამომრჩევლიდან  აქტივობამ 22.8% შეადგინა; ბაღდათის 23 351 ამომრჩევლიდან ხმა 41.8%-მა მისცა, ხოლო სამტრედიაში რეგისტრირებული 48 455 ამომრჩევლიდან 36.2%-მა.

"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, რომელიც არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი კანონის პროცედურების დაცვით და ორგანიზებულად მიმდინარეობს. 

"მიუხედავად ამისა, ცალკეულ უბნებზე გამოიკვეთა რიგი პრობლემები გადასატანი საარჩევნო ყუთის და უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის თვალსაზრისით", – განაცხადა ორგანიზაციამ დღის 4 საათისთვის. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც ასევე აკვირდება არჩევნებს, განაცხადა, რომ მან ნაძალადევის 24-ე უბანზე დააფიქსირა შემთხვევა, რომლის დროსაც რამდენიმე ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ნაძალადევის ოლქში ყველაზე მაღალი კონკურენციაა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის ათი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის ქართული ოცნებიდან თამარ კორძაია, ნაციონალური მოძრაობიდან პაპუნა დავითაია; თავისუფალი საქართველოდან კახა კუკავა, ლეიბორისტული პარტიიდან გიორგი გუგავა და დამოუკიდებელი კანდიდატი სოსო მანჯავიძე.

ბაღდათის ერთმანდატიან ოლქში რვა კანდიდატი იყრის კენჭს, მათ შორისაა პაატა კიკნაველიძე ქართული ოცნებიდან და ვლადიმერ წიქორიძე ნაციონალური მოძრაობიდან, რომელიც ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

სამტრედიის ერთმანდატიან ოლქში მიმდინარე არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის გიორგი კახიანი ქართული ოცნებიდან და ემზარ შუბლაძე ნაციონალური მოძრაობიდან, რომელიც სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

ეს ადგილები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 1 ოქტომბერს ნაძალადევში გამარჯვებულმა თეა წულუკიანმა, ბაღდათის ყოფილმა მაჟორიტარმა არჩილ კბილაშვილმა და სამტრედიაში გამარჯვებულმა კახი კალაძემ აღმასრულებელ ხელისუფლებაში განაგრძეს მუშაობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button