
პარლამენტს მოუწოდებენ არ იჩქაროს საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ცვლილებების მიღება
რამდენიმე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მოუწოდა პარლამენტს არ იჩქაროს საარჩევნო კოდექსში იმ ცვლილებათა პროექტის მიღება, რომელიც რამდენიმე საკრებულოში, მათ შორის თბილისში, ვაკანტური მაჟორიტარული ადგილების შესავსებად ივნისში შუალედური არჩევნების გამართვას ითვალისწინებს.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ აღნიშნეს 8 აპრილს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომ ამ შემოთავაზებას სათანადო დასაბუთება აკლია და მისი განხილვა დაინტერესებულ მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე მიმდინარეობდა.
პარლამენტმა 3 აპრილს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით 82 ხმით 19–ის წინააღმდეგ მიიღო.
ცვლილების ძალაში შესვლის შემთხვევაში, შუალედური არჩევნები ივნისში, ექვსი მუნიციპალიტეტის რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება; ესენია: ონი, სადაც საკრებულოს ხუთი ვაკანტური მაჟორიტარული ადგილია; მესტია, სადაც ოთხი ვაკანტური ადგილია; თბილისი, ხობი და წალკა, სადაც თითოეულის საკრებულოს სამ-სამი ვაკანტური ადგილი აქვს.
დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან, რომლებიც ინიციატივის წინააღდეგ გამოდიან, აცხადებენ, რომ ამ ცვლილების განხორციელებით ქართული ოცნება მიზნად ისახავს თბილისის საკრებულოზე კონტროლის დამყარებას უმრავლესობის მქონე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებზე რიცხობრივი უპირატესობის მოპოვების გზით.
ერთობლივ განცხადებაში სამმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კანონპროექტის ავტორებმა არ წარმოადგინეს სათანადო დასაბუთება, რაც შუალედური არჩევნების ივნისში ჩატარებასთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს გაამართლებდა – ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ვიდრე ახალი საკრებულოების არჩევა მოხდება და ასევე იმ პირობებში, როცა 27 აპრილს სამ ერთმანდატიან ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები, ხოლო ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.
„საგულისხმოა ის გარემოება, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში საარჩევნო კანონმდებლობის ძირეული რეფორმა მიმდინარეობს და ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით ინტერფრაქციული ჯგუფია შექმნილი, კანონპროექტის განხილვა სამუშაო ჯგუფის გვერდის ავლით, ფართო დიკუსიისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე, დაჩქარებული წესით მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„მიუღებლად მიგვაჩნია ის ფაქტიც, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ხორციელდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაწილეობის და აზრის გათვალისწინების გარეშე, რომელმაც შემდგომ არჩევნების ადმინისტრირება და ჩატარება უნდა უზრუნველყოს“, – განაცხადა ჯგუფმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა გააფრთხილა დეპუტატები 3 აპრილს, რომ შემოთავაზებული ცვლილებების მიღება არსებული საარჩევნო კოდექსის სხვა დებულებების სათანადო განხილვის გარეშე ცესკო–ს მუშაობას გაართულებს. მისი თქმით, ახალმა რეგულაციებმა, უკვე შემოღებულ ცვლილებებთან ერთად, რომელიც პარლამენტის შუალედური არჩევნების ოქტომბერთად ერთად აპრილში ჩატარებას ითვალისწინებს, შესაძლოა ზოგიერთ პროცედურულ ვადებთან და საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობები შექმნას.
„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებას ფართო საჯარო დისკუსიის გამართვის შესაძლებლობა მისცეს და არ დაუშვას აღნიშნული ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)