skip to content
ახალი ამბები

საქართველოს და თურქეთის პრემიერ–მინისტრები აცხადებენ რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გააღრმავებენ



თურქეთის პრემიერ–მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი (მარცხნივ) და საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ანკარაში, 14 თებერვალს ქართული დელეგაციის დახვედრის ცერემონიაზე. ფოტო: საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური

თურქეთსა და საქართველოს შორის კარგი მეზობლური ურთიერთობების დონე მაგალითი უნდა იყოს სხვებისთვის რეგიონში, განაცხადა თურქეთის პრემიერ–მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 14 თებერვალს ანკარაში თავის ქართველ კოლეგასთან ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ისედაც ახლო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობა არსებობს.

„ჩვენ პრაქტიკულად ყველა საკითხზე შევთანხმდით და სადაც არ შევთანხმდით, იქ დავგეგმეთ, რომ ყველა საკითხს განვიხილავთ და აუცილებლად დადებითად გადავჭრით“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა.

თურქეთის პრემიერ–მინისტრმა ერდოღანმა განაცხადა, რომ საკითხთა ფართო სპექტრი იქნა განხილული, მათ შორის პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური ასპექტები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციასთან, საქართველოში გასამართლებული თურქეთის მოქალაქეების გადაცემასთან და მაჰმადიანი მესხების საქართველოში რეპატრიაციასთან დაკავშირებული თემები.

თურქეთის პრემიერ–მინისტრმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ მისმა ქართველმა კოლეგამ დადებითი დამოკიდებულება გამოხატა ამ საკითხების მოგვარების მიმართ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი პარტნიორია და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 2012 წელს 1.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატებოდა. მისი თქმით, ორმხრივი ვაჭრობის შემდგომი გაზრდის შესაძლებლობა არსებობს.

„საქსტატის“ ინფორმაციით, გასულ წელს თურქეთიდან საქართველოში იმპორტმა 1.39 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან თურქეთში ექსპორტი მხოლოდ 142.7 მილიონი აშშ დოლარი იყო.

მანამდე 14 თებერვალს საქართველოს დელეგაცია პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით თურქეთის პრეზიდენტს აბდულა გიულს და პარლამენტის თავმჯდომარეს ჯემილ ჩიჩექს შეხვდა.

თურქეთში პრემიერ-მინისტრს თან ახლდა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი,  საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, ასევე ფინანსთა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button