ახალი ამბები

სამშენებლო კომპანიის დირექტორი ფულის გათეთრების ფაქტზე დააკავეს

სამშენებლო კომპანიის დირექტორი და თანამფლობელი, გიორგი ქელბაქიანი, რომელსაც ახლო ურთიერთობები აქვს თბილისის მერთან გიგი უგულავასთან, ფულის გათეთრების ფაქტზე დააკავეს.

გიორგი ქელბაქიანი, რომელიც შპს „ენ სი სი“–ს აქციების 70%–ის მფლობელი და მისი გენერალური დირექტორია, ამავე საწარმოს ფინანსურ დირექტორთან არჩილ ჩოგოვაძესთან ერთად დააკავეს.

სამშენებლო კომპანია ასევე მონაწილეობს თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით მიმდინარე სამშენებლო პროექტებში, მათ შორის რიყის პარკში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 21 ნოემბერს, რომ „სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისების მიზნით“ ქელბაქიანმა და ჩოგოვაძემ ერთ-ერთ ფიზიკურ პირს კონტრაქტის გარეშე ჩაურიცხეს 6 309 885 ლარი, საიდანაც აღნიშნულმა პირმა 3 032 091 ლარი ნაღდი ფული უკან დაუბრუნა ქელბაქიანს და ჩოგოვაძეს. სხვა დეტალებზე საუბრისგან შსს–მ თავი შეიკავა.

სამინისტრომ განაცხადა, რომ ქელბაქიანს და ჩოგოვაძეს წარედგინებათ ბრალდება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე“.

ქელბაქიანის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი უარყოფს ბრალდებებს და მათ „აბსურდულს“ უწოდებს.

ქელბაქიანი ადრე კომპანია „თბილისის წყლის“ ხელმძღვანელი იყო, თუმცა როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, მიმდინარე გამოძიება ამ კომპანიას არ უკავშირდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button