ახალი ამბები

მთავრობა ორგანიზებული დანაშაულის კავშირებს იძიებს „ზოგიერთ პოლიტიკოსთან“

ფრანგ კოლეგებთან თანამშრომლობით, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები „ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსთან“ ქართული ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლების „შესაძლო უკანონო კავშირებს“ იძიებენ, რაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ქვეყანაში დესტაბილიზაციის და ძალადობის გამოწვევას ისახავს მიზნად, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა 24 სექტემბერს.

„დღეს მე პარიზში ვიმყოფები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც შეხვედრებს გამართავენ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის წარმომადგენლებთან. თქვენ ასევე მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა შეხვედრა გამართა რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან“, – განუცხადა მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს პარიზიდან.

„ჩვენი კონსულტაციების თემა არის გამოძიება, რომელსაც აწარმოებს საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერია და ასევე იმავე საკითხებზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურის ზედამხედველობით“, – განაცხადა ბურჯალიანმა.

„ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საქმე ეხება ქართული ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლების, კერძოდ, კანონიერი ქურდების კონტაქტებს ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსთან და 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მათ შორის შესაძლო უკანონო კავშირებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის და ძალადობის მიზნით“, – განაცხადა მან.

„სამწუხაროდ, ამაზე მეტ დეტალს დღეს მე ვერ მივაწვდი საზოგადოებას; თუმცა, იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში შესაძლებლობა გვექნება დეტალურად განვსაზღვროთ ეს საკითხები; და ჩემი პარიზში ჩამოსვლის მიზანიც სწორედ არის დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ჩვენი ფრანგი კოლეგებისგან“, – განაცხადა ბურჯალიანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button