
მოსკოვი პატიმართა წამების ფაქტთან დაკავშირებით თბილისს აკრიტიკებს
გლდანის მე–8 საპყრობილეში პატიმართა წამების ფაქტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ხელისუფლების შესაძლებლობას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 სექტემბერს.
„ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში პატიმართა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების გამოვლენასთან დაკავშირებული სიტუაციის დრამატულ განვითარებას“, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა საკითხებში რუსეთის საგარეო უწყების სპეციალური წარმომადგენლის კონსტანტინე დოლგოვის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„გლდანის მე–8 საპყრობილეში პატიმართა წამების შოკისმომგვრელი კადრები, რომლებიც მასმედიაში გავრცელდა, კიდევ ერთხელ გვაიძულებს დავფიქრდეთ საქართველოს ხელისუფლების რეალურ შესაძლებლობაზე უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვა და კანონის უზენაესობა“, – განაცხადა დოლგოვმა და დასძინა, რომ ეს ფაქტი ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს შესაძლებლობას დაიცვას წამების საწინააღმდეგო საერთაშორისო კონვენციები.
„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში ღირსების შემლახველი ფაქტები ნამდვილად ზედმიწევნითი და მიუკერძოებელი გამოძიების საგანი გახდება“, – განაცხადა მან, „ასევე ვიმედოვნებთ, რომ მომხდარს შესაბამის შეფასებას მისცემენ გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი და წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი“.
This post is also available in: English Русский