Placeholder canvas
ახალი ამბები

ამერიკელი კონგრესმენი: „რუსეთმა უნდა გააუქმოს“ სამხედრო წვრთნები „კავკაზ–2012“

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და აშშ–ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კრის სმიტმა განაცხადა, რომ „რუსეთმა უნდა გააუქმოს“ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი წვრთნები „კავკაზ–2012“.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარება დაშინების უხეში ხერხია“, – ნათქვამია კონგრესმენ სმიტის განცხადებაში 2 აგვისტოს. „რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ეს წვრთნები, რომლებიც ეწინააღმდეგება სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის და ტერიტიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპებს, რაც ეუთოს ჰელსინკის შეთანხმებითაა დაცული. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა ასეთი სწავლებების გამართვაზე იფიქროს იმის მაჩვენებელია, რომ აშშ–მა უნდა გააძლიეროს თავისი ჩართულობა და მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტრატეგიული სამეთაურეო–საშტაბო სამხედრო წვრთნები „კავკაზ 2012“ 17–23 სექტემბერსაა დაგეგმილი სამხრეთ რუსეთში სხვადასხვა სამხედრო შენაერთების, ასევე ფედერალური უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს შენაერთების მონაწილეობით.

წვრთნებში ასევე მიიღებენ მონაწილეობას შავი ზღვის და ჩრდილოეთის ფლოტების გემები, განაცხადა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურმა, კონტრ–ადმირალმა ალექსანდრე ფედოტენკოვმა.

რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის სამი სადესანტო ხომალდი – „ალექსანდრე ოტრაკოვსკი“, „გეორგი პობედონოსეცი“ და “კონდოპოგა“, რომლებიც ამჟამად ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებიან, რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკში 11 აგვისტოს და 12 აგვისტოს შევლენ, იტყობინებოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 31 ივლისს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა აპრილში, რომ  წვრთნებში „საზღვარგარეთ განთავსებული ჩვენი სამხედრო კონტინგენტების ან სამხედრო ბაზების, ასევე უცხოური სახელმწიფოების სამხედროების მონაწილეობა არ იგეგმება“.

არმიის გენერალმა, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა ნიკოლაი მაკაროვმა განაცხადა მაისში, რომ წვრთნებში მონაწილე სამხედროები „პრაქტიკულ“ მომზადებას გაივლიან რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პოლიგონებზე, კერძოდ კი პრუდბოის პოლიგონზე ვოლგოგრადში, კაპუსტინ იარის და აშულუკის პოლიგონებზე ასტრახანის ოლქში და რაევსკოეს პოლიგონზე ნოვოროსიისკში.    

საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებულია დაგეგმილი წვრთნების გამო და შიშობს, რომ რუსეთი შესაძლოა შეეცადოს რეგიონში დაძაბულობა გაზარდოს და თავისი ძალები განათავსოს, რომელსაც შემდეგ საქართველოზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, როგორც ეს 2008 წელს მოხდა; რუსეთმა ფართომასშტაბიანი წვრთნები „კავკაზ 2008“ აგვისტოს ომამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ჩაატარა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა Civil.ge-სთან ინტერვიუში ივნისის ბოლოს, რომ 2008 წლის ზაფხულში რუსეთის მიერ ჩატარებული მსგავსი წვრთნების შედეგად რუსეთის სამხრეთის ოლქში მობილიზებული სამხედრო შენაერთები არ იქნენ დაბრუნებული დისლოცირების ადგილას და არსებული სამხედრო მობილიზაცია მოგვიანებთ გამოყენებულ იქნა საქართველოს წინააღმდეგ.

„წელსაც, მსგავსად 2008 წლის სამხედრო სწავლებებისა, არსებობს საფრთხე იმისა, რომ რუსეთმა მორიგი წვრთნების დროს სამხედრო ძალთა მობილიზება სამხრეთ კავკასიის რეგიონში კვლავაც გამოიყენოს საქართველოზე განმეორებითი აგრესიის საწარმოებლად“, – განაცხადა მან.

კონგრესმენი სმიტი აღნიშნავს თავის განცხადებაში, რომ სამხედრო წვრთნების „კავკაზ 2012“–ის  თარიღი – 17–23 სექტემბერი – 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დაახლოებით ერთი კვირით უსწრებს წინ.

პრეზიდენმა სააკაშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა ბოლო თვეების მანძილზე, რომ რუსეთმა წვრთნები განზრახ დაამთხვია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს.

„არ არის შემთხვევითი, რომ [საქართველოში] არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენმა მეზობელმა დანიშნა დიდი სამხედრო სწავლებები სექტემბრის მეორე ნახევარში. ეს დამთხვევა ნამდვილად არ არის შემთხვევითი“, – განაცხადა სააკაშვილმა მარტში. „ყველა მცდელობა გაკეთდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის – ერთის მხრივ, ძალის გამოყენებით ქართველი ხალხის დაშინებით და მეორეს მხრივ, ასევე ამავე ქვეყნიდან შემოსული ფულის გამოყენებით ქართველი ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა“.

საქართველოში 5 ივნისს განხორციელებული ვიზიტის დროს აშშ–ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს ჰკითხეს პრესკონფერენციაზე რუსეთის მიერ ჩრდილო კავკასიაში დაგეგმილ სამხედრო წვრთნების შესახებ; ეს კითხვა მომავალი არჩევნების კონტექტსში იქნა დასმული.

„დიახ, იქნება სამხედრო წვრთნები, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენები ამ შემოდგომაზე საქართველოს შიგნით მოხდება, როდესაც ქართველი ხალხი ხმას მისცემს. მე ვერ მოვიფიქრებ ამაზე უფრო ძლიერ მესიჯს, რომელიც ვინმეს მსოფლიოში შეიძლება გაეგზავნოს. ამრიგად, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ საქართველოს მთავრობასთან ახლო კონსულტაციებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტი მომენტი არის არა სხვა ქვეყნის სამხედრო წვრთნები, არამედ საქართველოს არჩევნები და ეს ილაპარაკებს უფრო ხმამაღლა, ვიდრე რომელიმე სამხედრო წვრთნა, იმის შესახებ, თუ რას უჭერენ მხარს ქართველები, თქვენი სიმტკიცის, თქვენი სიძლიერის, დემოკრატიის მიმართ თქვენი ერთგულების შესახებ“, – განაცხადა კლინტონმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button