ახალი ამბები

სააკაშვილი ბაქოში ალიევს შეხვდა


პრეზიდენტი ალიევი (მარცხნივ) და პრეზიდენტი სააკაშვილი (მარჯვნივ) ბაქოში 6 მარტს გამართული ოფიციალური დახვედრის ცერემონიაზე. ფოტო: აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური..

პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება, დღეს თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს შეხვდა.

ორმა პრეზიდენტმა „კმაყოფილება გამოხატა ორმხრივი ურთიერთობების წარმატებით განვითარებასთან დაკავშირებით“ და ამ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში.

“ერთ-ერთი მთავარი, რისთვისაც ყოველთვის მიხარია ჩვენ ძმასთან, ილხამთან შეხვედრა არის ის, რომ საკითხები წყდება სწრაფად, ოპერატიულად, ეფექტურად და შინაარსობრივად და  მუდმივად ვნახულობთ გამოსავალს”, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეხვედრის შემდეგ და იქვე დასძინა, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის ურთიერთობა ის მაგალითია, რომელსაც სხვა ქვეყნებმაც უნდა მიბაძონ.

მისი თქმით, მიღწეულია შეთანხმება საქართველოში კარბამიდის მძლავრი ქარხნის აშენების თაობაზე, რომელიც ძირითადად სოფლის მეურნეობაში გამოიყენება სასუქად და საქონლის კვების დანამატად. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქარხანა ფოთის პორტსა და ყულევს შორს აშენდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ შექმნან „ელექტროენერგიის ერთობლივი კომპანია, რომელიც ერთობლივად აწარმოებს ელექტროენერგიის ექსპორტს მესამე ქვეყნების მიმართულებით, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებაში, ე.ი. ახალი ჰესების მშენებლობაში საქართველოში დამატებით ჩაიდება აზერბაიჯანული ფული“. 

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანული გაზის მოწოდება ერთ–ერთი ის ფაქტორია, რაც დაეხმარა საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობა მოეპოვებინა და სწრაფად განვითარებადი ქვეყანა გამხდარიყო.

სააკაშვილმა ხაზი გაუსვა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მშენებლობის მნიშვნელობას, რომელიც აზერბაიჯანს საქართველოს გავლით თურქეთთან დააკავშირებს. მისი თქმით, აზერბაიჯანი მხოლოდ წელს პროექტში 320 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. შარშან აზერბაიჯანი დათანხმდა, რომ საქარველოსთვის დამატებით 575 მილიონი აშშ დოლარი მიეცა სესხის სახით რკინიზგის საქართველოს მონაკვეთის ასაშენებლად, დამატებით იმ 200 მილიონი აშშ დოლარისა, რომლის გამოყოფაზეც ბაქო 2007 წელს დათანხმდა.

აზერბაიჯანში პრეზიდენტ სააკაშვილს ახლავს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების, კულტურის და სპორტის მინისტრები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button