კოკოითი იმეორებს, რომ მესამე ვადით კენჭისყრას არ აპირებს
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის უზენაესი სასამართლო რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ზედიზედ სამი ვადით არჩევასთან და რუსულის სახელმწიფო ენად გამოცხადებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილებას 14 ივნისს გამოაცხადებს, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ვებ–გვერდი.
იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება ვერდიქტი, სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი 13 ივნისს კვლავაც იმეორებს, რომ იგი მესამე ვადით კენჭისყრას არ აპირებს ნოემბრეში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ცოტა ხნის წინ საინიციატივო ჯგუფი თავდაცვის მინისტრის მოადგილის იბრაგიმ გასეევის ხელმძღვანელობით გამოვიდა წინადადებით ჩატარდეს რეფერენდუმი, რომელზეც ორი შეკითხვა იქნება გამოტანილი: "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ენები იყოს რუსული და ოსური ენები? და "თანახმა ხართ თუ არა, რომ ერთი და იგივე პირს შეეძლოს პრეზიდენტის პოსტის დაკავება ზედიზედ სამი ვადით?“
სეპარატისტული რეგიონის მოქმედი კონსტიტუცია დე ფაქტო პრეზიდენტის ორი ვადით არჩევას ითვალისწინებს, ხოლო სახელმწიფო ენად ოსურს განსაზღვრავს. ამ კანონის მიხედვით, რუსული ხელისუფლების ორგანოების ოფიციალურ ენად არის აღიარებული ისევე, როგორც ქართული – ქართველებით "კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში".
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)