skip to content
ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება: თბილისს გალში დესტაბილიზაცია სურს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 11 აპრილს, რომ საქართველომ კრიმინალები გალში დაძაბულობის შენარჩუნების მიზნით "გამოიყენა“.

რუსეთის საგარეო უწყების თქმით, გალის რაიონში 8 აპრილს მომხდარი სროლა, რომლის დროსაც ერთი რუსი სამხედრო დაიღუპა, იყო თბილისის „მიზანმიმართული“ მცდელობების ნაწილი, რათა აფხაზეთთან "საზღვარზე სიტუაციის დესტაბილიზაცია მოეხდინა“.

8 აპრილის ინციდენტის დროს ასევე დაიღუპა ორი ქართველი, რომლებიც რუსეთის თქმით, რუს მესაზღვრეებზე თავდამსხმელთა შორის იყვნენ. სოხუმმა და მოსკოვმა განაცხადეს, რომ ორი მოკლული ქართველი "დივერსანტები“ იყვნენ, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებებით მოქმედებდნენ და რომლებიც რამოდენიმე კრიმინალურ ქმედებაში, მათ შორის სოფელ ჭუბურხინჯში 2010 წლის იანვარში მომხდარ აფეთქებაშიც მონაწილეობდნენ.

"ქართული სპეცსამსახურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ტერორისტების და დივერსანტების ღია წაქეზება რეგიონის მშვიდობიან ცხოვრებას საფრთხეს უქმნის. როგორც ჩანს, თბილისში მიზანმიმართულად ცდილობენ ვითარების დესტაბილიზაციას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სუვერენულ რესპუბლიკებთან საზღვრებზე,“ – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ინციდენტის დროს მოკლული ორი ქართველი "ქართული უკანონო შეიარაღებული ფორმირების "ტყის ძმების“ წევრები იყვნენ, რომელსაც [დავით] შენგელია მეთაურობდა“.

ქართული პარტიზანული ჯგუფი "ტყის ძმები“ 2004 წლის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად დაიშალა, რასაც მაშინ სოხუმი მიესალმა. 2006 წლის ბოლოს ჯგუფის მეთაური დავით შენგელია დააპატიმრეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით და ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენგელია ვადაზე ადრე გაათავისუფლეს – ეს ქმედება სოხუმმა დაგმო.

"აშკარაა, რომ მას ახლა საქართველო–აფხაზეთის საზღვარზე სიტუაციის დესტაბილიზაცია დაავალეს,“ – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

თბილისმა უარყო გალში 8 აპრილს მომხდარ სროლასთან რაიმე კავშირი და ინციდენტს "შეიარაღებული კრიმინალური გარჩევა“ უწოდა.

ქართულმა მხარემ დაადასტურა, რომ სროლის დროს მოკლული ერთ–ერთი პიროვნება მართლაც ლაშა სიჭინავა იყო, თუმცა განაცხადა, რომ მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. მისი თქმით, სიჭინავა 2002 წლიდან იძებნებოდა ქართველი სამართალდამცავების მიერ ყაჩაღობის, ქურდობისა და მძევლად ხელში ჩაგდებისათვის და მას დაუსწრებლად მისჯილი ჰქონდა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.      
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button