ახალი ამბები

”ბათუმელები” საერთაშორისო ორგანიზაციებს ჟურნალისტის დაშანტაჟების გამო მიმართავს

მას შემდეგ, რაც გაზეთი ”ბათუმელები” გასულ კვირას სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ მისი ჟურნალისტის ”დაშანტაჟების” და ”დაშინების” მცდელობაზე იტყობინებოდა, გაზეთმა დღეს განაცხადა, რომ მან დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

26 ნოემბერს გაზეთმა ”ბათუმელები” განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს თანამშრომლები შეეცადნენ თანამშრომლობაზე დაეყოლიებინათ გაზეთის ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორი თედო ჯორბენაძე; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ”სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული სტიგმის გამოყენებით” დაემუქრნენ.

”იძულებულნი ვართ მხარდაჭერისათვის თქვენ, საერთაშორისო საზოგადოებას მოგმართოთ, რადგან აღარ გვაქვს უსაფრთხოების არანაირი გარანტია,” – ნათქვამია გაზეთის მიერ 30 ნოემბერს გაკეთებულ მიმართვაში. ”ბათუმელები” და, ზოგადად, დამოუკიდებელი მედია საქართველოში ყოველთვის გრძნობდა საერთაშორისო მედია თუ უფლებათა დამცავი ორგანზიაციების მხარდაჭერას. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მხარდაჭერა არ დააყოვნებს არც ამ შემთხვევაში და ჩვენი პიროვნული და პროფესიული უფლებების და თავისუფლებების დაცვაში დაგვეხმარება.”

გაზეთის გამომცემელმა მზია ამაღლობელმა განაცხადა, რომ თედო ჯორბენაძემ უკვე მიმართა ბათუმის პროკურატურას საქმის გამოძიების დაწყების თხოვნით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც გაზეთს მოცემულ საკითხზე იურიდიულ დახმარებას უწევს, განაცხადა, რომ ეს შემთხვევა ჟურნალისტის უფლების ”უხეშ დარღვევას” წარმოადგენს და რომ დაუყონებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება დამნაშავეთა დასჯის მიზნით.   
 
 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button