ახალი ამბები

შალვა რამიშვილი პატიმრობიდან თავისუფალია

შალვა რამიშვილმა, ამჟამად უკვე დახურული ტელეკომპანია ”202”-ის თანადამფუძნებელმა, საპყრობილე 26 აგვისტოს, 4-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ დატოვა.

რამიშვილი, რომელიც 2005 წლის აგვისტოში დააპატიმრეს, 2006 წლის მარტში დამნაშავედ ცნეს მაშინდელი დეპუტატის კობა ბექაურისათვის 100 ათასი აშშ დოლარის გამოძალვაში. რამიშვილს დანაშაული არ უღიარებია და არც შეწყალებისთვის მიუმართავს ვადამდე გასათავისუფლებლად, რადგან ეს ნაბიჯი აღიქმებოდა იმ დანაშაულის აღიარება, რაც მისი მტკიცებით, არასოდეს ჩაუდენია.

რამიშვილი დაკავების პერიოდში იყო ”202”-ზე გადაცემა დებატების წამყვანი – ეს იყო ერთადერთი პოლიტიკური თოქ-შოუ მაშინდელ მედია-სივრცეში. ტელეკომპანია ”202”, რომელიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობდა, ასევე ერთადერთი ტელევიზია იყო, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებებს უშვებდა.

გაზეთ ”რეზონანსში” გამოქვეყნებულ ღია წერილში, რომელიც რამიშვილმა გათავისუფლებამდე დაწერა, ის აღნიშნავს, რომ სასჯელი ”შეთითხნილი” ბრალდებების გამო მოიხადა და აპირებს პრეზიდენტ სააკაშვილთან ”ომში” არ გაჩერდეს ”სიკვდილამდე”.

”მე ხომ იმიტომ დავისაჯე, რომ 2004-2005 წლებში დიდების ზენიტში მყოფ მიშა სააკაშვილს ვაკრიტიკებდი (თან მეტად მწვავედ),”- წერს რამიშვილი, ”ჩემი პატიმრობის მიზანი დამოუკიდებელი ტელევიზიის ჩახშობა გახლდათ”.

ის აცხადებს, რომ აპირებს ”მიშასთან ბრძოლას – ბრძოლას უკომპრომისოს და დაუნდობელს”.

მისი თქმით, ის და სააკაშვილი საკმაოდ კარგად იცნობენ ერთმანეთს და ორივეს ესმის, რომ ”ეს სახიფათო და ბრუტალური დაპირისპირება იქნება”. რამიშვილი იყო სააკაშვილის მოკავშირე და მისი პარტიის PR-კონსულტანტი 2003 წლის ვარდების რევოლუციის წინ. ის იყო ასევე თანაავტორი პოპულარული რადიო ჩანახატების და შემდეგ ანალოგიური სახის მულტიპლიკაციური სერიალის – ”დარდუბალა”, რომელთა სამიზნეებიც მაშინდელი პრეზიდენტი შევარდნაძე და მისი მთავრობა იყო.

”ციხე კაცს ყველაზე მეტად ილუზიებს უკლავს, ამიტომ მე დღეს გაცილებით იოლად ძალმიძს სარისკო და ავანტიურისტული ნაბიჯების გადადგმა. იმასაც ნათლად ვხედავ, რომ მსგავსი ქმედებები გარეშე სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება შეუძლებელია. ასე რომ, იცოდეს მიშამ: ჩემი საქმეში ჩართვის შემდეგ მას ძალზედ ეწყინება ან ეტკინება!… კბილებამდე შეიარაღებულ მოძალადეს ბაბუაწვერები არ უნდა ესროლო. სიკეთეს მუშტებიც უნდა ჰქონდეს,”- აცხადებს რამიშვილი თავის ღია წერილში, ”ამასთან სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე, შალვა რამიშვილი არ დავიხევ უკან ბევრ ისეთ რაღაცაზე – რაზეც ადრე ალბათ უარს ვიტყოდი”.

2009 წლის იანვარში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაავალა საქართველოს სახელმწიფოს შალვა რამიშვილს და ”202”-ის მეორე დამფუძნებელს დავით კოხრეიძეს, თითოეულს, 6 000 ევრო გადაუხადოს არამატერიალური ზარალის და 14 694 ევრო ორივეს ერთად ხარჯების ანაზღაურებისთვის წინასწარი პატიმრობის პერიოდში მათი უფლებების დარღვევის გამო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button