skip to content
ახალი ამბები

ცხინვალმა მოსკოვთან შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა 2 ოქტომბერს მხარი დაუჭირა რუსეთთან დადებული მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების რატიფიცირებას, იუწყება სეპარატისტული ხელისუფლების ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 17 სექტემბერს გააფორმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებთან სერგეი ბაღაფშთან და ედუარდ კოკოითთან აღნიშნული შეთანხმებები, მას შემდეგ რაც 26 აგვისტოს აღიარა საქართველოს ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა და დაამყარა მათთან დიპლომატიური ურთიერთობები.

აფხაზმა დეპუტატებმა ასევე მოახდინეს შეთანხმების რატიფიცირება.

იმავდროულად, სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება, რომ ცხინვალს მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი სტუმრობს. ამავე ცნობით, მოსკოვის მერია ცხინვალის რეაბილიტაციისთვის 2 მლრდ რუბლის (დაახლოებით 87 მლნ აშშ დოლარის) გამოყოფას აპირებს.

კომიტეტი ასევე იტყობინება, რომ ლუჟკოვი ედუარდ კოკოითთან შეხვედრაზე განიხილავს ახალ სარკინიგზო პროექტის განხორციელების საკითხებს.  

”მაგისტრალი უნდა გახდეს როკის გვირაბის ალტერნატივა და დააკავშიროს სამხრეთ ოსეთი რუსეთს,”- იუწყება ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.

აღნიშნული სარკინიგზო პროექტის განხორციელების გეგმებზე პირველად განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რამდენიმე კვირის წინ გააკეთა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button