
მმართველ პარტიას სახალხო დამცველის მოხსენების ”ოპოზიციური” ტონი არ მოსწონს
საპარლამენტო უმრავლესობას სახალხო დამცველის ანგარიშის ”ოპოზიციური” ტონი არ მოსწონს და ასეთი ტენდენციის გაგრძელების წინააღმდეგ აფრთხილებს.
”თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და ასე ვთქვათ, ტრადიციულად ოპოზიციური პოლიტიკური შემართებით იქნა მოხსენება გაკეთებული, ჩვენ ჩვენს სიმართლეს დავიცავთ,”- განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა.
მან ეს განცხადება დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთა, სადაც გადაწყდა, რომ 15 ივლისის სხდომაზე მოისმენენ სახალხო დამცველის 2007 წლის ანგარიშს, თუმცა მას მხოლოდ ცნობად მიიღებენ.
სახალხო დამცველის ანგარიში წინა მოწვევის პარლამენტს გაზაფხულის დასაწყისში უნდა განეხილა, თუმცა წინასაარჩევნო მოუცლელობის მოტივით მაშინდელმა უმრავლესობამ მისი განხილვა მომდევნო მოწვევის პარლამენტარებს გადააბარა. მოხსენების მოსმენის გადადების ერთ-ერთ მოტივად ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ისიც დაასახელა, რომ მოხსენება ძალიან დიდი იყო და დეპუტატები ვერ მოასწრებდნენ მის გაცნობას.
პარლამენტს სოზარ სუბარის ორი მოხსენება უნდა მოესმინა – ერთი 744-გვერდიანი, რომელიც 2007 წლის პირველი ნახევარს ფარავს, ხოლო მეორე 633-გვერდიანი 2007 წლის მეორე ნახევარს ეხება.
სოზარ სუბარმა ამ გადაწყვეტილების გამო პარლამენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ განხილვის გადადებისთვის დასახელებული დროის უკმარისობის არგუმენტი მხოლოდ საბაბი იყო. მან 28 მარტს მისი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, სადაც განაცხადა: ”მართალია, მოხსენებები ვრცელია და მათში ადამიანის უფლებათა დარღვევის ასობით ფაქტია მოყვანილი, მაგრამ პარლამენტმა უარი თქვა მათ განხილვაზე არა იმიტომ, რომ ვერ მოასწრო მათი გაცნობა, არამედ სწორედ იმის გამო, რომ ძალიან კარგად იცნობს მათ შინაარსს. იცნობს იმიტომ, რომ მოხსენებაში მოყვანილი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ხდებოდა საქართველოში, ღიად და საჯაროდ, პარლამენტის თვალწინ, მისი თანხმობით, ხელდასხმით და ხშირად წაქეზებით”.
მოხსენება 2007 წლის მეორე ნახევრის შესახებ კრიტიკულია ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)