skip to content
ახალი ამბები

რუსი და ქართველი დიპლომატები უარყოფენ აფხაზეთის ”დაყოფის გეგმას”

რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ უარყო გაზეთ ”კომერსანტის” ინფორმაცია აფხაზეთის გავლენის სფეროებად დაყოფის თაობაზე და მას უსაფუძვლო უწოდა. 

”არის საუბრები; ბევრი საუბარი და მათი დიდი ნაწილი გამოგონილია. მოდით, ეს ”კომერსანტის” სინდისზე იყოს,” – განუცხადა მან ქართველ ჟურნალისტებს 27 ივნისს.

საქართველოს ელჩმა რუსეთში ეროსი კიწმარიშვილმა ასევე უარყო ეს ინფორმაცია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ ”აბსურდული” უწოდა ”კომერსანტის” ვერსიას, ”რომელიც 100%-ით სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია არის”. 

”გაყოფა, ჩვენი ტერიტორიის მიცემა სხვა ქვეყნისთვის გავლენის სფეროდ, ეს არის აბსურდი, რომელზეც არცერთ შემთხვევაში არცერთი სახელმწიფო არ წავა,”- განუცხადა დღეს ქუთელიამ Civil.ge-ს, ”არცერთი საკითხი, რომელიც შეეხება რაიმე ფორმით საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ან რაიმე ფორმით მის ნებაყოფლობით დათმობას, არ განიხილება და არც იქნება განხილული მომავალში”. 

მისი თქმით, ამ თემაზე კომპრომისი დაუშვებელია. ”სხვა ნებისმიერი საკითხის განსახილველად მზად ვართ, რათა კონფლიქტი დარეგულირდეს მშვიდობიანად,”- დასძინა მან, თუმცა უარყო ”კომერსანტში” გამოთქმული ვარაუდები იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის ირგვლივ რუსეთთან გარიგების შემთხვევაში, თბილისი ნატოს წევრობაზე უარს იტყვის.

”საქართველოს  ნატოში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის ნება და არა მარტო მთავრობის გადაწყვეტილება – საქართველოს მოსახლეობის 77%-მა მხარი დაუჭირა ამ იდეას,”- განაცხადა ქუთელიამ, ”ნატოში ინტეგრაცია ეს არის შეუქცევადი პროცესი და ქართველი ხალხის ნება, რომელიც შესრულდება”.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ნიკა რურუამ განაცხადა, რომ ”კომერსანტის” ინფორმაციაზე ”სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი არ ღირს”. ”ის გამოგონილია და სისულელეა, რადგან ეს არ არის სავაჭრო თემა,” – განაცხადა მან.
     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button