skip to content
ახალი ამბები

დეპუტატი მოუწოდებს მთავრობას შეაჩეროს რკინიგზის პრივატიზაცია

დამოუკიდებელი დეპუტატი ვლადიმერ პაპავა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეაჩეროს საქართველოს რკინიგზის ნებისმიერი ფორმით პრივატიზაციის პროცესი, მიანიშნებს რა რუსეთის დაინტერესებაზე ამ ობიექტით.


”დღეს რაიმე ქმედების განხორციელება საქართველოს რკინიგზასთან დაკავშირებით იქნება ეს მისი სრული პრივატიზაცია, თუ მმართველობის უფლებით გადაცემა რომელიმე კომპანიისთვის, ჩვენ გვიქმნის ძალიან სერიოზულ საფრთხეს ჩვენი სატრანსპორტო ფუნქციის შესასრულებლად იქიდან გამომდინარე, რომ აშკარაა თუ ვის აქვს ყველაზე დიდი ინტერესი აკონტროლებდეს საქართველოში რკინიგზას. მით უფრო, რომ ”სამხრეთ კავკასიის” სახელწოდების რკინიგზა უკვე არსებობს,”-  განაცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა პაპავამ, ”დღეს უკვე სომხეთის რკინიგზას ჰქვია ”სამხრეთ კავკასიის” რკინიგზა მას შემდეგ, რაც სომხეთის რკინიგზა გადაეცა 30-წლიან მმართველობაში რუსეთის რკინიგზას, 20-წლიანი შესაძლო გაგრძელებით”.


საქართველოს მთავრობამ რკინიგზის პრივატიზაციაზე ინტერესთა გამოხატვის კონკურსი გასულ წელს გამოაცხადა. 25 იანვარს კი გამოვლინდა ხუთი პრეტენდენტი კომპანია. თუმცა ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ამ კომპანიების მიერ წინადადებების წარდგენა არ ნიშნავს, რომ პროცესი რკინიგზის გაყიდვით, მართვის უფლებით გადაცემით ან გასხვისების სხვა ფორმით დასრულდება.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 12 თებერვალს აღნიშნა, რომ რკინიგზის საკითხს პარლამენტი აქტიურად მიადევნებს თვალს.


”შესაბამისი კომიტეტები და დაინტერესებული დეპუტატები აქტიურ კონსულტაციებს გამართავენ მთავრობასთან, რათა გადაწყვეტილებები იყო მიღებული პარლამენტთან შეთანხმებით და პარლამენტის საქმის კურსში იყოს რამდენად სწორად იქნება გამოყენებული ის რესურსი, რომელიც მართლაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა ქვეყნისათვის,”- განაცხადა ბურჯანაძემ.


ცოტა ხნის წინ ოპოზიციურმა პარტიამ ახალმა მემარჯვენეებმა ასევე გაავრცელეს საგანგებო განცხადება, სადაც ხელისუფლებას მოუწოდეს თავი შეიკავოს რკინიგზის გასხვისებისაგან.

Back to top button