
სააკაშვილი მიუნხენში ივანოვს შეხვდა
პრეზიდენტი სააკაშვილი რუსეთის პირველ ვიცე-პრემიერ სერგეი ივანოვს შეხვდა 10 თებერვალს უსაფრთხოების საკითხებზე მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, იტყობინება რუსული მედია.
შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ის აპირებს მოსკოვში გამგზავრებას დსთ-ს ლიდერთა არაფორმალურ სამიტზე დასასწრებად და რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, იუწყებიან ”რია ნოვოსტი” და ”იტარ-ტასსი”.
”მე დავადასტურე ჩემი მონაწილეობა [დსთ-ს არაფორმალურ სამიტში] და მე აუცილებლად ჩავალ მოსკოვში და ვისაუბრებ, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან,”- განაცხადა სააკაშვილმა.
”ეს იქნება კარგი შესაძლებლობა ორმხრივი ურთიერთობების გეგმების განსახილველად არაფორმალურად,”- განაცხადა ივანოვმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ”რუსეთი ასევე ესწრაფვის ჩვენი ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანას”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)