Placeholder canvas
ახალი ამბები

სპეცდანიშნულების რაზმმა საპროტესტო აქცია დაშალა

სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დასაშლელად.


ხელკეტებითა და ფარებით შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმი რუსთაველის გამზირზე განლაგდა მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციამ მომიტინგეების შეჩერება ვერ შეძლო.

შსს-ს ცნობით, მომიტინგეების დაშლის დროს გამოყენებული იქნა ცრემლსადენი გაზი, რომელიც ”ასეთ შემთხვევაში გამოიყენება სამართალდამცავების მიერ ყველა ქვეყანაში. აღნიშნული გაზი არ აყენებს ზიანს ადამიანების სიცოცხლეს და მათ ჯანმრთელობას”.


ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში გააშუქეს ინციდენტი.


რამდენიმე ათეულმა მომიტინგემ, მათ შორის ოპოზიციის ზოგიერმა ლიდერმა პარლამენტს შეაფარა თავი.


გარდა სპეცრაზმისა, მომიტინგეებზე ასევე მიიტანეს იერიში შავ ტანსაცმელში და შავ ნიღბებში გამოწყობილი ადამიანების ჯგუფმა.


ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დაშავდა.


ნინო ბურჯანაძემ, რომელიც თავისი კაბინეტიდან გამოვიდა, განაცხადა, რომ შეხვდება ოპოზიციის ლიდერებს და გაიმართება მათთან მოლაპარაკებები.

იმავდროულად მან მოითხოვა პარლამენტი დატოვონ იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც შეაფარეს თავი შენობას დარბევის შემდეგ.

”არცერთი ადამიანი, რომელიც ამ შენობიდან წყნარად გავა, არ იქნება ხელყოფილი. არცერთმა ადამიანმა არ მოახდინოს პროვოცირება,”- განაცხადა ბურჯანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ”არანაირ პოლიტიკურ დევნას” არ ექნება ადგილი, თუმცა მომხდარის შესახებ შეფასებები არ გაუკეთებია.


დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ნინო ბურჯანაძემ ”ვერ შეძლო ათასობით მომიტინგეს უსაფრთხოების უზრუნველყოფა”.


”ვერ ვხედავ მასთან საუბრის საჭიროებას. ერთადერთი რაზეც შეიძლება საუბარი არის პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის ვადები,” – განაცხადა ბერძენიშვილმა.


 


  

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button