ახალი ამბები

პატარკაციშვილის განცხადება ოპოზიციის დაფინანსების გეგმებზე

განვითარებული მოვლენები და საპროტესტო მოძრაობის მასშტაბები მაფიქრებინებს, რომ ქვეყანა სერიოზული პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა. პოლიტიკოსთა განცხადებები და ქმედებები, ხშირ შემთხვევაში, კიდევ უფრო ძაბავს ისედაც ურთულეს ვითარებას. იმედს გამოვთქვამ, რომ ყველას და უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებას კარგად აქვს გაცნობიერებული თავისი პასუხისმგებლობა, რათა არ იქნას დაშვებული არანაირი პროვოკაცია, რომელმაც შესაძლოა ბიძგი მისცეს პროცესების არაკონსტიტუციური გზით განვითარებას. ამ შემთხვევაში წაგებული დარჩება ყველა და უპირველეს ყოვლისა საქართველო და ქართველი ხალხი. ვფიქრობ, დღეს ყველა მოქალაქის ვალია, დაეხმაროს ქვეყანას, რათა ერთად ვიპოვოთ გამოსავალი.

პროცესების მართვის თვალსაზრისით მოვლენების სახიფათო მიმართულებით განვითარების ერთ-ერთ მიზეზად შესაძლოა იქცეს ოპოზიციის მწირი ფინანსური რესურსები. საჭიროა დრო, რათა ყველას მიეცეს საშუალება კარგად გაიაზროს, თუ რას ითხოვს საზოგადოება და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.

აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება გავუწიო ფინანსური დახმარება საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნულ საბჭოს საპროტესტო აქციების ცივილიზებული მართვის უზრუნველყოფის მიზნით. მით უმეტეს, რომ პრაქტიკულად მთლიანად ვიზიარებ საგურამოს მანიფესტში წამოყენებულ მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში მჯერა, რომ პროცესები არ გამოვა კონსტიტუციური ფარგლებიდან, ოპოზიცია იქნება ერთიანი და რაც მთავარია ბოლომდე შეინარჩუნებს მანიფესტისადმი ერთგულებას. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთია ქართველი ხალხის მოთხოვნა, რომელსაც მეც ვუერთდები, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე.

ბ.პატარკაციშვილი
28 ოქტომბერი. 2007 წელი.


 

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button