ახალი ამბები

ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებს განიხილავენ

6-7 მარტს ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიების მორიგ შეხვედრაზე საზღვრის დელიმიტაციის საკითხებს განიხილავენ.


საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე, ხოლო აზერბაიჯანის დელეგაციას მისი კოლეგა ხალაფ ხალაფოვი უხელმძღვანელებს.

ამ დრომდე შეთანხმებულია საქართველოს–აზერბაიჯანის საზღვრის 65%, რაც 300 კილომეტრს შეადგენს. თუმცა, შეუთანხმებელია საზღვრის ის მონაკვეთი, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია  განთავსებული.


23 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის თხოვნაზე კომენტარი გაეკეთებინა აზერბაიჯანთან საზღვრის გარშემო არსებულ დავაზე, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”ეს არ არის დავა”.


”მიმდინარეობს კონსულტაციები [საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის]… და იმედია, ჩვენ ამ საკითხს მოვაგვარებთ”, – განაცხადა სააკაშვილმა, თან იქვე დასძინა, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს ”ძმური ურთიერთობები” აქვთ.


მან ასევე განაცხადა, რომ საბჭოთა პერიოდში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ადმინისტრაციული საზღვარი ჰყოფდა მაშინდელ აზერბაიჯანის და საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკებს. სააკაშვილის თქმით, ”ამან სამართლებრივი პრობლემები გამოიწვია”, რომელთა მოგვარებაც ახლა კონსულტაციების გზით ხდება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button