ახალი ამბები

საქართველო რუსეთიდან ტრანზიტულ საჰაერო მარშრუტებს განიხილავს

ეკონომიკური განვითარების მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე დღეს ქართული ავიაკომპანიების წარმომადგელებს შეხვდა, სადაც საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის ალტერნატიული გზების ძიებაზე იმსჯელეს.


ირაკლი ჩოგოვაძის განცხადებით, დამატებითი საჰაერო რეისები დაინიშნება უკრაინის, ბელორუსის და ყაზახეთის მიმართულებით, საიდანაც რუსეთიდან საქართველოში მგზავრთა ნაკადის გადმოყვანა იქნება შესაძლებელი. რეისების ზუსტი განრიგი უახლოეს ხანებში გამოქვეყნდება.  


მინისტრის თქმით, იმ მგზავრებისთვის, რომლებიც რუსეთიდან სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით გამოემგზავრებიან, ერევნიდან და ბაქოდან დამატებითი საავტობუსო რეისები დაინიშნება თბილისამდე. 


“ეს ბლოკადა ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს, არის აბსოლუტურად ფუჭი და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შეწყდება… ქართული ეკონომიკა ამას გაუძლებს, რადგან საკმაოდ დივერსიფიცირებულია“, – განაცხადა 3 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი ჩოგოვაძემ.


მისი თქმით, საჰაერო რეისების შეწყვეტა რუსეთ–საქართველოს შორის არსებული შესაბამისი ხელშეკრულების დარღვევით მოხდა.


მინისტრს არაფერი უთქვამს ზარალზე, რომელიც საქართველოს რუსეთის სანქციების შედეგად მიადგება. “ზარალს დავითვლით”, – დასძინა ჩოგოვაძემ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button