ახალი ამბები

პუტინი საქართველოს ’სახელმწიფო ტერორიზმში’ ადანაშაულებს

პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოს მიერ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოთხი რუსი ოფიცრის დაკავებას უწოდა “სახელმწიფო ტერორიზმი მძევლების აყვანით,” – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აღნიშნული შეფასება პრეზიდენტმა პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრისას გააკეთა, რომელიც 1 ოქტომბერს შედგა, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის პრემიერ–მინისტრი, პარლამენტის ზედა და ქვედა პალატების თავმჯდომარეები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაური, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე ფედერალური უშიშროების სამსახურის შეფი მონაწილეობდნენ უშიშროების საბჭოს სხდომაში, რომელმაც საქართველოს მიერ ოთხი რუსი ოფიცრის დაკავების საკითხი განიხილა.

სხდომის ღია ნაწილში პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ ადგილი აქვს რუსეთის მიმართ “ჩქმეტისა და პროვოცირების” მცდელობას. ეს გამოსვლა გადასცეს ტელევიზიებმა და ასევე გამოქვეყნებულია რუსეთის პრეზიდენტის ოფიცილაურ ვებ–გვერდზე.


“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თანმიმდევრულად ასრულებს ყველა არსებულ შეთანხმებას [საქართველოს] რესპუბლიკის ტერიტორიიდან ჩვენი დანაყოფების გაყვანასთან დაკავშირებით, ყველაფერ ამის მიუხედავად, როგორც ცნობილია საქართველოში დაჭერილები და ციხეებში ჩაყრილები არიან ჩვენი სამხედროები. ეს ლავრენტი პავლეს ძე ბერიას პოლიტიკის სამართალმემკვიდრეობის ნიშანია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე. მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთია [საქართველოს ხელისუფლების] პოზიცია“, – განაცხადა პუტინმა.


“სრულიად ნათელია, რომ ცდილობენ რუსეთს უჩქმიტონ და პროვოცირება მოუწყონ. ეს ყველასთვის ნათელი უნდა იყოს. და როგორც ჩანს, ისინი, ვინც ამას აკეთებენ, იმედოვნებენ, რომ საგარეო პოლიტიკის ანტირუსული მიმართულება საქართველოს ხალხის ინტერესებს პასუხობს. არა მგონია, რომ ეს ასე იყოს. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ თავიანთი უცხოელი სპონსორების მფარველობის ქვეშ იმყოფებიან და შეუძლიათ თავი იგრძნონ კომფორტულად და უსაფრთხოდ. მაგრამ არის კი მართლაც ეს ასე?“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


“როგორც ჩანს, არსებობენ ძალები, რომლებიც სპეციალიზირდებიან ახალ–ახალი კრიზისების შექმნაზე იმ იმედით, რომ ეს გამოიწვევს ძველი პრობლემებიდან ყურადღების გადატანას. შეიძლება ამას მოკლევადიან პერიოდში ასეთი ეფექტიც ჰქონდეს. მაგრამ უკვე სრულიად ნათელია, რომ ეს ხელს არ შეუწყობს ძველი და საკმაოდ სერიოზული კრიზისების მოგვარებას მსოფლიოში“, – დასძინა მან.


რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ რუსული სააგენტოები პრეზიდენტ პუტინის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ალექსეი გრომოვის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ პუტინმა მისცა განკარგულება თავდაცვის მინისტრს სერგეი ივანოვს, რომ გააგრძელოს საქართველოდან ჯარების გაყვანა მიუხედავად თბილისის ანტირუსული პოლიტიკისა.


საქართველოს საგარეო უწყებას ჯერ–ჯერობით რეაგირება არ მოუხდენია პუტინის განცხადებაზე, რომელიც საქართველოს “სახელმწიფო ტერორიზმში“ ადანაშაულებს, მაგრამ ოფიციალურმა თბილისმა უკვე დაგმო რუსეთის ხელმძღვანელობის, მათ შორის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის მკაცრი განცხადებები, როგორც “ძალის გამოყენების აშკარა მუქარა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button