skip to content
ახალი ამბები

ახალქალაქის ბაზა რუსული სამხედრო ტექნიკისაგან დაცლილია

737 ერთეული ტექნიკა და 2600 ტონაზე მეტი მატერიალური საშუალებები გავიდა 2006 წლის განმავლობაში ახალქალაქისა და ბათუმის რუსული სამხედრო ბაზებიდან, რის შედეგადაც ახალქალაქის ბაზა მთლიანად დაცლილია სამხედრო ტექნიკისაგან და შეიარაღებისაგან.


“მათ შორის გაყვანილია 1990 წლის 19 ნოემბრის ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების (ეჩშძ) ხელშეკრულებით შეზღუდული შეიარაღება და ტექნიკა“, – აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.


2006 წელს საქართველოს ტერიტორიიდან გატანილ იქნა 45 ერთეული ტანკი (მათ შორის T-72 – 44 ერთეული, T-34 – 1 ერთეული), 162 ერთეული ჯავშანტექნიკა (BRDM – 27 ერთეული, BTR – 20 ერთეული, BMP – 40 ერთეული, MTLB – 61 ერთეული) და 52 ერთეული საატრილერიო დანადგარები (2С3М – 30 ერთეული, 2С1 – 22 ერთეული). გარდა ამისა, გაყვანილ იქნა ასევე 500 ერთეულზე მეტი სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა.

შეიარაღების ნახევარზე მეტი სომხეთში გიუმრის სამხედრო ბაზაზე გაიგზავნა, ხოლო დანარჩენი რუსეთში.


თბილისსა და მოსკოვს შორის 31 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ბათუმის სამხედრო ბაზაზე დარჩენილი მძიმე სამხედრო ტექნიკა საქართველოს 2007 წლის 1 ოქტომბრამდე დატოვებს.


ახალქალაქის ბაზა კი სამხედრო შემადგენლობისაგან 2007 წლის განმავლობაში დაიცლება. ბათუმში რუსეთის სამხედრო ბაზის, აგრეთვე ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბის საბოლოო გაყვანა 2008 წლის განმავლობაში დასრულდება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button