ახალი ამბები

ლავროვი: აფხაზეთში დსთ–ს სამშვიდობო ფორმატის შეცვლა კონტრპროდუქტიული იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 20 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭოზე გამოსვლისას განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ–ს ეგიდით მოქმედი რუსული სამშვიდობო ფორმატის შეცვლის მცდელობა კონტრპროდუქტიული იქნება.


თბილისი რუსული სამშვიდობო ფორმატის შეცვლას და მათი საერთაშორისო პოლიციური ძალებით ჩანაცვლებას მოითხოვს.

“ქართულ–აფხაზური კონფლიქტის ზონაში, დსთ–ს სამშვიდობო ძალები გაეროს მისიასთან მჭიდრო კონტაქტში კრიტიკულ პირობებში უზრუნველყოფენ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას საქართველოში. ვთვლით, რომ კონტრპროდუქტიულია ამ ფორმატის შეცვლის მცდელობები“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა ნიუ–იორკში.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა ამის შესახებ გაეროსა და რეგიონალური ორგანიზაციების თანამშრომლობის კონტექსტში ისაუბრა. ლავროვის თქმით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე გაეროსა და ეუთოს, ევროკავშირისა და ნატოს ურთიერთქმედებას.


“რა თქმა უნდა აქაც მთავარი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების, მათ შორის მშვიდობისკენ იძულების ოპერაციების მანდატების მოწონების კუთხით გაეროს უშიშროების საბჭოს ეკისრება“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button