ახალი ამბები

აშშ საქართველოს სამხედრო სფეროს სამი მიმართულებით დაეხმარება

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სამხედრო სფეროს სამი მიმართულებით დაეხმარება: ნატოსთან თავსებადობის მიღწევა და ნატოში ინტეგრაცია, სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების ახალი პროგრამა SSOP–2 და სტრუქტურული რეფორმების განხორციელება გენერალური შტაბის გაერთიანებულ შტაბად გარდაქმნისათვის.


ამაზე შეთანხმებას პენტაგონისა და საქართველოს თავდაცვის სამინიტროს წარმომადგენლებმა ბათუმში 12–13 სექტემბერს გამართული კონსულტაციების შედეგად მიაღწიეს.


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა “ნაყოფიერი“ უწოდეს ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობას, “რომელსაც შენარჩუნება და განვითარება სჭირდება“.


“ამერიკისა და საქართველოს თანამშრომლობა სულ უფრო და უფრო ღრმავდება, ჩვენ დავეხმარებით საქართველოს პროფესიონალი კადრების მომზადებაში და მართვაში“, – განაცხადა აშშ–ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს მაკდუგალმა.


ამერიკულმა მხარემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ნატო საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ფაზას დაიწყებს და საქართველო სულ მალე მიიღებს ალიანსთან ინტენსიურ დიალოგს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button