ახალი ამბები

კვიციანი პარტიზანული მოქმედებებით იმუქრება

კოდორის ხეობის ამბოხების მეთაური ემზარ კვიციანი საკუთარ ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ზემო აფხაზეთში პარტიზანული მოქმედებების დაწყებით ემუქრება ხელისუფლებას.


ვიდეო–მიმართვა, რომელიც უცნობია სად არის ჩაწერილი, ტელეკომპანია “იმედმა“ საკვირაო გადაცემა “დროებაში“ აჩვენა.


“მინდა გავაფრთხილო მფრინავები, ოფიცრები, ის ადამიანები ვისთანაც მე ახლოს ვარ, ვისაც ვიცნობ, ვინც მე მიცნობს, რომ დატოვონ კოდორის ხეობა. გამოვაცხადე უკვე ნადირობა ვერტმფრენებზე და პოლიციელებზე“, – აცხადებს ემზარ კვიციანი.


კოდორელი მეამბოხე ასევე აცხადებს, რომ მას ჩრდილოეთ კავკასიიდან დაუკავშირდნენ ყარაჩაელები და დახმარება შესთავაზეს.


“მინდოდა, რომ შემეჩერებინეთ, მაგრამ არაფერმა არ გაჭრა თქვენთან იმიტომ, რომ თქვენ სისხლი გწყუროდათ და სისხლის ტბებს, ვფიქრობ, რომ ვერ ამოაშრობთ სულ მალე საკუთარ ოჯახებში, ამიტომ ჯობია, რომ ქალი და ბავშვი მაინც არ იყოს ხეობაში“, – აცხადებს ხელისუფლების მისამართით კვიციანი.


იგი ასევე მიმართავს საკუთარ დას, ნორა კვიციანს, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, და გათავისუფლებას აღუთქვამს.


ემზარ კვიციანმა, შეიარაღებული დაჯგუფება “მონადირის” ლიდერმა, რომელიც ივლისის მიწურულს კოდორის ხეობაში მომხდარ ამბოხს მეთაურობდა, ხელისუფლების საპოლიციო ოპერაციის დროს გაქცევა მოახერხა. მასზე შინაგან საქმეთა სამინიტრომ ძებნა გამოაცხადა და მის ადგილსამყოფელზე ინფორმაციის სანაცვლოდ ჟილდოს სახით 100 ათასი ლარი დააწესა.


არსებობდა ცნობა, რომ სპეცოპერაციის მიმდინარეობისას კვიციანი ჯერ სოხუმში, ხოლო შემდეგ რუსეთში გაიქცა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button