პარლამენტმა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ცვლილებები დაამტკიცა
დღეს პარლამენტმა 136 ხმით, ერთხმად დაამტკიცა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ცვილილებები, რომელიც ქვეყნის “უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განაცხადია“ და ტერიტორიული თავდაცვის მოქმედი სისტემიდან ტოტალური და უპირობო თავდაცვის სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.
ნებისმიერი გარე აგრესიის საპასუხოდ ცვლილება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიცირებულია, განსაკუთრებული სამობილიზაციო სისტემის შექმნას გულისხმობს.
“ამ მიზნით სახელმწიფო ქმნის სავალდებულო სარეზერვო სისტემას, უზრუნველყოფს ამ სისტემისათვის შეიარაღებასა და აღჭურვილობას, ავითარებს მისი მართვისა და კონტროლის მექანიზმებს, გარე აგრესიის შექმნის მომენტიდან მის ნეიტრალიზაციამდე ყველა სახელმწიფო უწყება საქმიანობას წარმართავს ტოტალური თავდაცვის მიზნების შესაბამისად“, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ზურაბ დეკანოსიძემ დოკუმენტის წარმოდგენის დროს.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, რომელიც “ცოცოხალი ორგანიზმია“, ცვლილება მოჭარბებულმა საფრთხეებმა განაპირობა.
“ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ადეკვატური ზომა და გამომდინარეობს იქიდან, რომ საფრთხეები გაიზარდა. ჩვენ ჯერ არა ვართ ნატოს წევრები და ამ გზაზე ეს [ტოტალური თავდაცვის სისტემაზე გადასვლა] ხელს არ შეგვიშლის. თუმცა მას შემდეგ რაც საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა და ეს მალე მოხდება, საფრთხეები შემცირდება და ჩვენ აღარ დაგვჭირდება ეს სისტემა“, – განაცხადა თარგამაძემ.
ზურაბ დეკანოსიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო ტოტალური და უპირობო თავდაცვის დოქტრინას უახლოეს ხანებში შეიმუშავებს და წარუდგენს პრეზიდენტს დასამტკიცებლად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)