ოქრუაშვილი კოდორზე კომენტარს აკეთებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ ქართულ მხარეს აქვს უფლება შეზღუდული რაოდენობის შეიარაღება იქონიოს ზემო კოდორის ხეობაში, რასაც არ კრძალავს ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ 1994 წლის მოსკოვის შეთანხმება.
ოქრუაშვილმა, რომელიც ჟურნალისტებს ზემო კოდორის ხეობაში ესაუბრა, ასევე განაცხადა, რომ ამჟამად ქართველი სამართალდამცავები “ამზადებენ ნიადაგს, რათა კოდორის ხეობაში გაეროს დამკვირვებელთა მონიტორინგი აღდგეს“.
გავრცელებული ინფორმაციით, ოქრუაშვილმა ზემო კოდორის ხეობაში სამი დღე დაჰყო და თბილისში 7 აგვისტოს დაბრუნდა.
მისი თქმით, ამჟამად კოდორში თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო შენაერთის 40-მდე თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც ხეობაში ხიდების რეკონსტრუქციაში ეხმარებიან.
“რუსებს ნომინალური როლი ექნებათ [კოდორის ხეობის მონიტორინგის საქმეში]. მონიტორინგი შესაძლებელია, მაგრამ არა რუსული ვერტმფრენებით… ჩვენ ამ მონიტორინგის პირობებს დავადგენთ”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
თავდაცვის მინისტრმა 31 ივლისს განაცხადა, რომ თბილისი ზემო კოდორის ხეობის მონიტორინგზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ განხორციელდება გუდაუთის სამხედრო ბაზის ინსპექტირება. თბილისი დაჟინებით მოითხოვს გუდაუთის სამხედრო ბაზაზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას, რათა დადასტურდეს რუსეთის მიერ მისი დახურვა, როგორც ამას 1999 წლის ეუთოს სტამბოლის შეთანხმება ითვალისწინებს.
ზემო კოდორის ხეობის მონიტორინგი 2003 წლის ივნისიდან არ განხორციელებულა. მონიტორინგის შეწყვეტა უკავშირდება გაეროს დამკვირვებლებისა და მათი თარჯიმანის ხეობის პატრულირების დროს შეიარაღებული პირების მიერ გატაცების ფაქტს. აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა კოდორის ხეობის მონიტორინგის აღდგენა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ქართულმა მხარემ კვიციანის და მისი მებრძოლების წინააღმდეგობის გასანეიტრალებლად იქ ძალები გააგზავნა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პროვოკაციები კოდორის ხეობაში თითქმის ყოველდღე ხდება, რადგანაც “ცეცხლი რუსი სამშვიდობოების საგუშაგოებიდან იხსნება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)