ახალი ამბები

გაეროს განვითარების პროგრამის სამოქმედო გეგმას მოეწერა ხელი

დღეს გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ, გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დსთ–ს რეგიონალური ბიუროს დირექტორმა კალმან მიჟეიმ და საქართველოს პრემიერ– მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ხელი მოაწერეს გაეროს განვითარების პროგრამის “ქვეყნის განვითარების სამოქმედო გეგმას“ 2006–2010 წლებისთვის.


ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა 70 მლნ აშშ დოლარი, რომელიც შემდეგ პრიორიტეტულ სფეროებს მოხმარდება: სიღარიბის დაძლევა, დემოკრატიული მმართველობა და დეცენტრალიზაცია, სასამართლო სისტემა, მცირე ბიზნესის განვითარება, გარემოს დაცვა, კრიზისების პრევენცია და ასევე დევნილთა მატერიალური მდგომარეობის და სტატუსის გაუმჯობესება.


“ეს ის სფეროებია, რომელიც დღეს არის აქტუალური, თუმცა თუ გამოჩნდება ახალი საჭიროება, ჩვენ მოქნილები ვიქნებით“, – განაცხადა კალმან მიჟეიმ 17 ივლისს საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.


ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე 16 ივლისს  ასევე შეხვდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, სადაც მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები განიხილეს.


კალმან მიჟეი მიესალმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის სახელმწიფო აპარატის ეფექტურად შემცირებისა და კორუფციასთან ბრძოლის საქმეში და განაცხადა, რომ დსთ–ს სივრცეში გაეროს განვითარების პროგრამას საქართველოსთან ბოლო 2,5 წელიწადში “სამაგალითო“ ურთიერთობა აქვს.


“ეს ყველაზე უფრო ეფექტური და კვალიფიციური მთავრობაა პოსტ–საბჭოთა სივრცეში, რადგან განსხვავებით მსგავსი ღარიბი ქვეყნებისაგან თავად გვკარნახობს დონორებს, რა სფეროებში სჭირდება დახმარება“, – განაცხადა კალმან მიჟეიმ.


მისი თქმით, მიუხედავად მთავრობის მიერ განხორციელებული “თამამი და წარმატებული” რეფორმებისა, “ჯერ კიდევ არის დაბრკოლებები, რომელიც გადასალახია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button