ახალი ამბები

აჭარაში მცხოვრებ დევნილთა ნაწილი სასტუმროებიდან გამოსახლებას ეწინააღმდეგება

მეორე დღეა, რაც უკიდურესად გამწვავდა ბათუმის სასტუმროებში კომპატურად დასახლებულ დევნილთა პროტესტი, რომლებიც ყაზახი ინვესტორების მიერ შეძენილი სასტუმროების დატოვებაზე უარს ამბობენ. მათი იძულებით გამოსახლების პროცესში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები იღებენ მონაწილეობას.


დევნილთა ნაწილი 28 ივნისს პროტესტის ნიშნად აფხაზეთისაკენ ფეხით დაიძრა, რათა  თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას თავშესაფარი თხოვოს.


დღეს ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. მისი განცხადებით, არავის არ აქვს უფლება “თუნდაც სამართლიანი მოთხოვნა“ ქვეყნის ინტერესზე და სახელმწიფოს ერთიანობაზე მაღლა დააყენოს.

“მე ქედს ვიხრი ყველა დევნილის წინაშე, რომელიც ამდენი ტრაგედიის მოწმე გახდა და ამდენი უბედურება გადაიტანა ამ წლების განმავლობაში, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავამართლებ ვერცერთ დევნილს და ვერცერთ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ წავა აფხაზეთში და მიიღებს აფხაზეთის მოქალაქეობას. მე არ მინდა ამ ადამიანებს მოღალატე ვუწოდო, თუმცა რეალურად ეს ასეა“, – განუცხადა 29 ივნისს ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.


თუმცა დევნილთა ნაწილი დათანხმდა ყაზახი ინვესტორების მიერ შეთავაზებული კომპენსაციების  – ერთ ოჯახზე 7 ათასი აშშ დოლარის  – აღებას და სასტუმროები ნებაყოფლობით დატოვა.  ვისაც კომპენსაციები არ აკმაყოფილებდა, აჭარის მთავრობამ მათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი შესთავაზა. 


 

Back to top button