Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავს

მომავალ სასესიო კვირას პარლამენტი განიხილავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ კანონპროექტს, რომლის ძირითადი ნოვაციაც საბჭოდან გენპროკურორის გამოყვანა იქნება.


ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმის ახალი ეტაპის პირველი ნაბიჯი გენერალური პროკურორის იუსტიციის საბჭოდან გამოყვანა იქნება.


“გენპროკურორი იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში რამდენიმე თვის წინ [2005 წლის 25 ნოემბერს] კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე შევიდა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ იუსტიციის საბჭოს საკურაციო სფეროში უნდა შესულიყო პროკურორთა საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება“, – განუცხადა 22 აპრილს “სივილ ჯორჯიას“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს წევრად აირჩია.


მისი ინფორმაციით, იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებული ცვლილებების მიხედვით, საბჭო შედგება 19 წევრისგან, საიდანაც ორს ნიშნავს პრეზიდენტი, ხუთს კი ირჩევს პარლამენტი. აქედან ოთხი სავალდებულოა, რომ პარლამენტის წევრი იყოს მაშინ, როცა დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტს იუსტიციის საბჭოში სულ 4–კაციანი კვოტა აქვს. ამასთან, არ არის სავალდებულო, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციონერი დეპუტატებიც იყვნენ წარმოდგენილნი. 


გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შედიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი და  მოსამართლეები,  რომელთაც ირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით.


საქართველოს უმაღლესი იუსტიციის საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა, რომელიც შექმნილია სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავების, მოსამართლეთა თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურების შერჩევის, წარდგენის, მოსამართლეთა თანამდებობიდან განთავისუფლების და საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების მიზნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button