ახალი ამბები

პატარკაციშვილი ბიზნესზე და პოლიტიკაზე საუბრობს

ტელეკომპანია “იმედი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ქართული ბიზნესი “შეშინებულია“. მან ასევე ისაუბრა ტელეკომპანია “იმედი“-სთვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გეგმებზეც.


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის თანმიმდევრულად ემხრობოდა იმ კურსს, “რომელიც დაფიქსირდა ქვეყანაში ვარდების რევოლუციის შემდეგ“, იგი ვერ დახუჭავს თვალს იმ შეცდომებზე, რომლებიც შესაძლოა დაშვებულ იქნას ამ კურსის განხორციელების გზაზე. 


“მე კულუარულად ვსაუბრობდი ხელისუფლებასთან ყველა იმ შეცდომაზე, რომელიც ფიქსირდებოდა… მე ვესაუბრებოდი პრეზიდენტს [მიხეილ სააკაშვილს] და პრემიერ-მინისტრს [ზურაბ ნოღაიდელს]… მაგრამ მე ვცდილობდი არ გამომემზეურებინა ჩემი შეხედულებები, იმიტომ რომ მიმაჩნდა, რომ საჭიროა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ერთი გუნდი, ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება, რომელსაც აქვს პოლიტიკური პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები არ ატარებს გლობალურ ხასიათს… ჩემი სერიოზული გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ხელისუფლებამ ეს ყველაფერი შეაფასა, როგორც ჩემი სისუსტე“, – განაცხადა პატარკაციშვილმა.


მისი თქმით, როდესაც ის საქართველოში ჩამოვიდა 2001 წელს, მას არ ჰქონდა გეგმები საქართველოში ბიზნესის წარმოების თაობაზე. 


“და სწორედ ჩემი მეგობრის [გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის] ზურაბ ჟვანიას ბრალია, კარგი გაგებით, რომ მე ბიზნესი წამოვიწყე საქართველოში. მისი თქმით, მე ვიყავი ინდიკატორი სხვა ბიზნესმენებისთვის იმასთან დაკავშირებით, ღირდა თუ არა საქართველოში ფულის ჩადება… ეს იყო პირადი მაგალითი იმისათვის, რომ უცხოელ ბიზნესმენებს დაეჯერებინათ, რომ საქართველოში შეიძლება ინვესტიციების ჩადება, ისინი დაცულები იქნებიან“, – განაცხადა მან.


“სამწუხაროდ, მარტო ჩემი პირადი მაგალითი არ აღმოჩნდა საკმარისი“, – დასძინა პატარკაციშვილმა.


მისი თქმით, ის ფაქტი, რომ “ბიზნესი შეშინებულია, აბსოლუტურად გასაგებია“.


“ეს მე დავინახე შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს, როდესაც ჩემთან საუბარში ყველა [ბიზნესმენები] აფიქსირებდა იმ პრობლემებს, რომლებიც ჰქონდათ, და როდესაც ოფიციალურ პირებს ვხვდებოდით ყველა დადუმდა. ვეკითხები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ: გჭირდებათ შეშინებული ბიზნესი? შეშინებული ბიზნესი ქვეყანას ვერ ააყვავებს. ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ბიზნესი“, – განაცხადა პატარკაციშვილმა.


პატარკაციშვილის თქმით, ამ ეტაპზე იგი არ გეგმავს პოლიტიკაში ჩართვას.


“ბიზნესი ჩემთვის ყველაფერია, ამიტომ განწყობა იმისა, რომ ვიყო პოლიტიკაში, ნამდვილად არ გამაჩნია. თუმცა, ამავე დროს ძალიან მინდა, რომ არ მაიძულოს სიტუაციამ, რომ ეს მოხდეს“, – დასძინა მან.  


ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები უცხოურ კორპორაციებთან ტელეკომპანია “იმედში“ ინვესტიციების ჩადების შესახებ, თუმცა გარიგების დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.


“ჩვენ გვყავს პარტნიორთა წრე და ჩვენი დაინტერესებაა, რომ ეს მსხვილი კორპორაციები შემოვიდნენ საქართველოში… [მოლაპარაკებები] თითქმის დასრულებულია და საზოგადოება მალე გაიგებს ამის შესახებ და ვფიქრობ, რომ ეს წაადგება “იმედს“ და მისცემს სერიოზულ საშუალებას განვითარებისთვის“, – განაცხადა პატარკაციშვილმა. 



 

Back to top button