
ალასანია: აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ახალ სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო
დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩეველმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში და იმავდროულად პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა ქართულ–აფხაზურ მოლაპარაკებებში ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ დაიწყო მუშაობა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ერთიან სახელმწიფო სტრატეგიაზე.
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ალასანია, რომელიც პრეზიდენტის მრჩევლად 20 მარტს დაინიშნა, 21 მარტს კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გიორგი ხაინდრავას შეხვდა.
“გუშინ პირველი შეხვედრა გვქონდა კონკრეტულ გეგმებზე სახელმწიფო მინისტრთან გიორგი ხაინდრავასთან და დავიწყეთ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის და სტრატეგიის შემუშავება ქართულ–აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების კუთხით“, – განაცხადა 22 მარტს პრეზიდენტის მრჩეველმა.
ალასანიას განცხადებით, მის მიმართ მიღებული საკადრო გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქართულ–აფხაზური დიალოგის უფრო ინტენსიურად განახლებას.
“უახლოეს მომავალში დაიგეგმება პირდაპირი შეხვედრები აფხაზურ მხარესთან, სადაც განხილული იქნება ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი საკითხები: უსაფრთხოების, დევნილთა დაბრუნების, ნდობის აღდგენისა და გამყარების და ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები“, – განაცხადა ალასანიამ.