
გელაშვილი: ვპირდები უგულავას, რომ სასამართლოში შევხვდები
დღეს “რესპუბლიკური“ პარტიის წევრმა, დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა განაცხადა, რომ “ცილისწამების“ გამო თბილისის მერს გიგი უგულავას სასამართლოში უახლოეს დღეებში უჩივლებს.
“მქონდა ინფორმაცია, რომ [ვანო] მერაბიშვილი პროვოკაციებს გეგმავდა და შედეგიც სახეზეა“, – განაცხადა 18 მარტს ვალერი გელაშვილმა.
დღეს გიგი უგულავამ თბილისის 84–ე სკოლაში გაჩენილი ხანძარი სკოლის ტერიტორიის ხელში ჩაგდების შესახებ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ინტერესებს დაუკავშირა და მას “ოლიგარქი“ უწოდა.
“რესპუბლიკური“ პარტიის წევრებმა საგანგებო ბრიფინგით უპასუხეს უგულავას ბრალდებებს და მას ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციასთან ბრძოლის “უსუსური“ მცდელობა უწოდეს.
“სამარცხვინოა, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, წინასწარ გამზადებულ ვერსიებს გვთავაზობს. სკოლაში ხანძარი ჯერ ლოკალიზებულიც კი არ იყო, რომ ხანძრის გაჩენაში დეპუტატი გელაშვილი დაადანაშაულეს. ასეთივე გამზადებული ვერსია შემოგვთავაზეს სამართალდამცავებმა [გარდაცვლილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ] ჟვანიას შემთხვევაში, დეპუტატ გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას ყაჩაღობის მიზნით ჩადენილი დანაშაული უწოდეს… ხელისუფლება თანამონაწილეა და წინასწარ ფიქრობს ვერსიაზე, რომელიც მათ აქვთ“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე თინა ხიდაშელმა.
მისი თქმით, “[ხელისუფლების] გათვლა იმაზე, რომ ამით ვიღაცის დისკრედიტაციას მოახდენენ, სასაცილოა“.
გიგი უგულავამ დღეს “რუსთავი 2“–ის ეთერში განაცხადა იმ წერილის არსებობის შესახებ, რომელიც გელაშვილის სამშენებლო კომპანია “ევრამ“ სკოლის ტერიტორიის მოთხოვნით განათლების სამინისტროს გაუგზავნა.
წერილში “ევრა“ სთავაზობს სამინისტროს, რომ ან ააშენებს ახალ სკოლას სხვა ტერიტორიაზე ან იმავე ტერიტორიაზე აწარმოებს ახალი სკოლის მშენებლობას, რათა ავლაბარში ამავე კომპანიის მიერ მშენებარე ახალმა კომპლექსმა სათანადო იერსახე მიიღოს.
“რა ლოგიკაა იმაში, რომ დეპუტატი გელაშვილი, რომელიც ძლივს გადაურჩა სიკვდილს ხელისუფლების რვა ნიღბოსნის თავდასხმის შემდეგ[2005 წლის 14 ივლისს], ეხლა დანაშაულს ჩადიოდეს და შენობას წვავდეს იმისთვის, რომ მერე ხელისუფლებამ მას მისცეს ეს შენობა?“, – აცხადებს “რესპუბლიკელი“ დეპუტატი დავით ბერძენიშვილი.
ხელისუფლების წარმომადგენლებთან პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობაზე ღია დაპირისპირების შემდეგ, გასული წლის ივლისში დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასმა განხორციელდა, რის შედეგადაც გელაშვილი მძიმედ დაშავდა. ოპოზიციამ ეს თავდასხმა ხელისუფლების “ანგარიშსწორებად” შეაფასა და სამართალდამცავი ორგანოები ამ საქმის გამოუძიებლობის გამო არაერთხელ გააკრიტიკა.
“ეს არის ფართო კონტექსტის შემადგენელი ნაწილი. დღეს მერაბიშვილმა ბრძანა, რომ მე იმიტომ მებრძვის ოპოზიცია, რომ მე დანაშულის წინააღმდეგ ვიბრძვიო, ამ დროს უგულავამ ოპოზიციონერ დეპუტატს სკოლის დაწვაში დასდო პრაქტიკულად ბრალი… მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დიალოგზე უარი თქვა საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან, ბუნებრივია, ისინი ცდილობენ, რომ რაიმე მოიფიქრონ სკანდალური იმის ნაცვლად, რომ ვალერი გელაშვილზე თავდასხმა და გირგვლიანის მკვლელობის საქმე გახსნან“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.