ახალი ამბები

სალარო აპარატებზე საპროტესტო აქცია განახლდა

რამოდენიმე ათასი საპროტესტო აქციის მონაწილე შეიკრიბა დღეს პარლამენტის შენობის წინ სალარო აპარატების ბაზრობებზე გამოყენების წინააღმდეგ.

ოპოზიციური პარტიების “ახალი მემარჯვენეების”, “კონსერვატორების”, “ლეიბორისტების”, “რესპუბლიკელების”, “თავისუფლების”, “საქართველოს გზისა” და “ეროვნულ–დემოკრატიული” პარტიის ლიდერები და აქტივისტები ასევე შეუერთდნენ აქციის მონაწილეებს.  

დღესვე ანალოგიური საპროტესტო აქციები გაიმართა ბათუმში, ფოთში,  ზუგდიდსა და სენაკში. სამტრედიაში კი პოლიციამ საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა, მას შემდეგ, რაც მოვაჭრეებმა მაგისტრალური გზის გადაკეტვა სცადეს.

“კონსერვატორების” ლიდერმა კობა დავითაშვილმა პარლამენტის წინ მიტინგზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას სალარო აპარატების პრობლემა აქციის მონაწილეებთან და ოპოზიციასთან დიალოგის გზით გადაწყვიტონ. საპროტესტო აქციაზე ცაკლეულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის “ლეიბორისტების” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მოქმედი ხელისუფლების გადაყენების მოწოდებებიც გააჟღერეს.


პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე “კონსერვატორებმა“  წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის მიერ 2005 წლის დეკემბრის ბოლოს მიღებული კანონის ამოქმედების ვადის გადადებას ითვალისწინებს. ამ კანონის თანახმად, იმ მოვაჭრეებს, რომლებიც სალარო აპარატების გარეშე ვაჭრობენ, 1 მარტიდან 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ. მომდევნო დარღვევები უფრო მაღალ ჯარიმებს ითვალისწინებს, კერძოდ 5 000 და 10 000 ლარს. ოპოზიცია სალარო აპარატების პრაქტიკაში დანერგვას ეტაპობრივად მოითხოვს.


“[სალარო აპარატების შესახებ] კანონის ადმინისტრირება ამჟამად მკაცრი არ არის და ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ამრიგად, ჩვენ გთავაზობთ, რომ გადავდოთ კანონის ძალაში შესვლა რამდენიმე თვით“, – განაცხადა “კონსერვატორების“ ლიდერმა, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე 15 მარტს.


თუმცა, პარლამენტარებმა მმართველი პარტიიდან უარყვეს ოპოზიციის ინიციატივა. დებატები კომიტეტის სხდომის დროს ოპოზიციასა და მმართველი პარტიის დეპუტატებს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.


მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის კანონპროექტს, კონსერვატორული პარტია მაინც გეგმავს, საკითხი პარლამენტის სხდომაზე დააყენოს განსახილველად, თუმცა მისი მიღების ნაკლები შანსი არსებობს. 

გასულ კვირას სალარო აპარატების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა. მაგრამ პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 9 მარტს ოპოზიციონერ პარლამენტარებს განუცხადა, რომ ხელისუფლება არ აპირებს პოზიციის შეცვლას სალარო აპარატებთან დაკავშირებით.  

Back to top button