
საგარეო საქმეთა სამინისტროში რუს დიპლომატთან აფხაზეთის საკითხზე იმსჯელეს
14 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან მიხეილ ბოჩარნიკოვთან, რომელზეც აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა.
საგარეო უწყების ცნობით, რუსულ მხარეს არ წარმოუდგენია კონფლიქტის დარეგულირების ახალი ხედვა და ელემენტები, რაც “აუცილებელია ჩიხში შესული სამშვიდობო პროცესის განახლებისთვის“.
“რუსული მხარე კვლავ ძველი მიდგომების ერთგული რჩება, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობაში არ არსებობს სათანადო პოლიტიკური ნება, დაარეგულიროს აღნიშნული კონფლიქტი საქართველოსთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გზით“, –ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
მიხეილ ბოჩარნიკოვი, რომელიც თბილისში 13 მარტიდან იმყოფება, უკვე შეხვდა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეს ირაკლი ალასანიას, 15 მარტს კი მოლაპარაკებების გამართვას სოხუმში გეგმავს.