ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონის სიახლოვეს პოლიციური საგუშაგოების დიდი ნაწილი უქმდება

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ შიდა ქართლის რეგიონში, გარდა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის უშუალო სიახლოვისა, ყველა პოლიციური ტიპის საგუშაგო გაუქმდება.


“არ გაუქმდება მხოლოდ ის საგუშაგოები, რომელბიც ფიზიკურად ცხინვალთან, კონფლიქტის ზონაშია განლაგებული“, – განაცხადა 24 სექტემბერს ვანო მერაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.


მინისტრმა საგუშაგოების გაუქმების თაობაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც 23 სექტემბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე სამხრეთ ოსეთის მიმართ პოლიტიკის კოორდინაციის მიზნით ქვეყნის ხელმძღვანელობამ სპეციალური საბჭოს შექმნა გადაწყვიტა.


შს მინისტრის განცხადებით, საგუშაგოებს ჩაანაცვლებენ სპეცდანიშნულების შეიარაღებული რაზმები, რომლებიც ტერიტორიის პატრულირებას განახორციელებენ “კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის“ გააქტიურების მოტივით.


ვანო მერაბიშვილის თქმით, ქრთამის აღების ფაქტების გახშირების გამო შიდა ქართლის რეგიონში და კერძოდ გორის რაიონში სპეცდანიშნულების რაზმებში საკადრო წმენდა განხორციელდება.


“[ქრთამის აღების ფაქტების გამო] საყვედური გამოვუცხადეთ [საგუშაგოების] ხელმძღვანელებს და მოვთხოვეთ პოლიციაში ახალი თანამშრომლების მიღება“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.


შიდა ქართლის პოლიციაში უკანასკნელად საკადრო წმენდა მიმდინარე წლის მარტში ჩატარდა, როცა რეგიონის პოლიციის უფროსი ალექსანდრე სუხიტაშვილი და მისი მოადგილეები თანამდებობიდან გაააყენეს, ხოლო რამოდენიმე მაღალჩინოსანი კონტრაბანდის მფარველობის მოტივით დააპატიმრეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button