ახალი ამბები

15 ივნისს ქართულ მხარეს რუსული ჯავშანსატანკო ქარხანა გადმოეცემა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ლევან ნიკოლეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 142-ე ჯავშანსატანკო სარემონტო ქარხნის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გადმოცემის პროცესი, რომელიც 1 ივნისს ქარხნის ქონების აღწერით დაიწყო, 15 ივნისს ქართულ და რუსულ მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების ოქმზე ხელმოწერით დასრულდება. 


ლევან ნიკოლეიშვილმა ქარხანაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან წარმოქმნილი გაუგებრობა “სამუშაო პროცესს“ დაუკავშირა. კერძოდ, ქონების აღწერის პროცესში ქართულმა მხარემ მოითხოვა ქარხანაში არსებული ოთხი ერთეული საავტომობილო ტექნიკის გადმოცემაც, რასაც რუსული მხარე არ დაეთანხმა. 


თუმცა, ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, საკითხი მას შემდეგ მოგვარდა, რაც ქართული მხარის მოთხოვნით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა საავტომობილო ტექნიკის კუთვნილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინეს. 


“ქართულ მხარეს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ აღარ გააჩნია არანაირი პრეტენზია ამ ტექნიკის მიმართ “, განაცხადა ბრიფინგზე ლევან ნიკოლეიშვილმა.


თბილისში 1942 წელს აშენებული სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი  ჯავშასატანკო ქარხნის ქართული მხარისათვის 15 ივნისამდე გადმოცემას 30 მაისს მოსკოვში საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი განცხადების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button