ახალი ამბები

ბურჯანაძე: ბაზებზე პარლამენტის დადგენილება “ლიბერალურად“ მოქმედებს

დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ქართული მხარისათვის “მისაღები“ დოკუმენტის  პროექტით, რომელიც მოსკოვმა თბილისს 2 დღის წინ გადმოსცა, რუსული მხარე თანხმდება სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის ბოლო ვადაზე – 2008 წლამდე.


“ჩვენი პოზიცია იყო ბაზები საბოლოოდ 2008 წლის იანვრისთვის დახურულიყო, თუმცა დოკუმენტში თებერვალია შემოთავაზებული, რაზეც შეიძლება, რომ არც ვიდავოთ“, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.


შემოთავაზებული წინადადებები საქართველოსთვის “ვფიქრობ, იქნება მისაღები და კომპრომისული“, აცხადებს ბურჯანაძე.


მისი თქმით, ქართული მხარისთვის მოსკოვის წინადადებებში მიუღებელი აღმოჩნდა შემოთავაზება, რომელიც “იკითხებოდა ისე, რომ რუსული ბაზები ანტიტერორიტულ ცენტრებად უნდა გარდაქმნილიყო“.


“ჩვენი მოთხოვნაა, რომ რუსული ბაზები დაიხუროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს მოლაპარაკებები ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის შესახებ, რაც არა მხოლოდ რუსეთ–საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის იქნება მნიშვნელოვანი“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისი განცხადებით, ქართული მხარის წინადადებაა, რომ დოკუმენტის ის პუნქტები და დეტალები, რომელზეც ამ ეტაპზე თბილისი და მოსკოვი ვერ თანხმდება, გამოეყოს მას და “გაგრძელდეს ამ საკითხებზე დამატებითი კონსულტაციები“. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ შეუთანხმებელი საკითხების დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა.


ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები მოაწერენ ხელს ბაზების გაყვანის ვადებზე დოკუმენტს, ახალქალაქსა და ბათუმში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზები “გაყვანის რეჟიმში“ გააგრძელებენ ფუნქციონირებას.


“ზუსტად ისეთივე რეჟიმში, როგორშიც დღეიდან საქართველოს პარლამენტის დადგენილების ამოქმედების შედეგად გადავიდნენ რუსული ბაზები“, განაცხადა 16 მაისს ნინო ბურჯანაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ პარლამენტის დადგენილება რუსულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით მოქმედებს, “რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ბაზები გაყვანის რეჟიმში გადავიდნენ“, რომლის დროსაც ახლადშემოსული სამხედრობისთვის ვიზების გაცემა შეჩერდება და ტექნიკა და ტვირთები საგანგებო კონტროლზე იქნება აყვანილი.


“ეს არ გულისხმობს რუსი სამხედროების სიცოცხლისათვის ან უსაფრთხოებისათვის პრობლემების შექმნას, როგორც რუსეთში გარკვეული ძალები ცდილობენ პროვოკაციებით და ინფორმაციის დამახინჯებით საქართველოს წინააღმდეგ შეცვალონ საზოგადოებრივი აზრი“, აცხადებს ბურჯანაძე. 


ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტის დადგენილების ამოქმედება არ არის რუსი სამხედრობის წინააღმდეგ მიმართული, “პირიქით ყველაფერი ადამიანის უფლებათა, მათ შორის სამხედროთა უფლებების, დაცვის საერთაშორისო პრინციპებს ეფუძნება“.


ამასთან, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, “თუ შეთანხმება [საქართველო–რუსეთს შორის] იქნება მიღწეული ბაზების გაყვანის რეჟიმი დარჩება ლიბერალური, როგორც მისი ამოქმედების მომენტშია და თუ შეთანხმება ვერ მიიღწევა, რეჟიმი გამკაცრდება“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button