ახალი ამბები

სხეფერი: საქართველო მნიშვნელოვანია ნატოსთვის







სხეფერი: “ეჭვგარეშეა, რომ რუსეთმა უნდა შეას-
რულოს ნაკისრი ვალდებულებები” და გაიყვანოს
სამხედრო ბაზები საქართველოდან.
4 ნოემბერს ნატოს გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის თბილისში ვიზიტის შედეგად ნათელი გახდა, რომ “საქართველო მნიშვნელოვანია ნატოსთვის“. სხეფერის რეკომენდაციით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს მუშაობა საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის შესრულებაზე, რომელიც ნატომ ოქტომბრის ბოლოს დაამტკიცა.    
 
ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივანი შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს, თავდაცვის მინისტრს გიორგი ბარამიძეს, საქართველოში აკრედიტებულ ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.
 
პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, სხეფერმა განაცხადა, რომ საქართველოს სამოქმედო გეგმის დამტკიცება “ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებში“.
 
“ახლა საქართველოს ხელისუფლებამ საშინაო დავალება უნდა შეასრულოს. და იქ სადაც ნატოს დახმარება შესაძლებელი იქნება, ნატო დაეხმარება საქართველოს“, განაცხადა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა.
 
პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომლის სამოქმედო გეგმაც ნატომ მოიწონა. “ამით ნატომ აღიარა ის მიღწევები, რომელსაც რეფორმებისა და განვითარების მიმართულებით ჰქონდა ქვეყანაში ადგილი”, განაცხადა სააკაშვილმა. 
 
სააკაშვილის თქმით, საქართველო “სულ უფრო უახლოვდება ნატოს”. მაგრამ, “ნუ მკითხავთ, როდის გავხდებით ნატოს წევრი. ამ კითხვაზე პასუხს ვერ მიიღებთ. თუმცა, ეს ბევრად უფრო მალე მოხდება, ვიდრე ზოგი ფიქრობს. და როცა ეს მოხდება, მე შესაძლოა ისევ ამ თანამდებობაზე ვიყო“, ამით პრეზიდენტმა მიანიშნა თავის საპრეზიდენტო ვადაზე, რომელიც 2009 წლის ბოლოს იწურება.
 
ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე შეიკავა თავი ვადებზე საუბრისაგან. “არ ვაპირებ ვადები დავასახელო, რადგანაც ეს ჩვენს ყურადღებას გადაიტანს იმ საქმეებიდან, რაც ახლა უნდა გაკეთდეს – წარმატებით განახორციელეთ სამოქმედო გეგმა და ნატოც თქვენს გვერდით იდგება“, განაცხადა სხეფერმა.
 
“მე რეალისტი და ოპტიმისტი ვარ. რეალისტი ვარ იმის გამო, რომ ვიცი საქართველოს ნატოსკენ მიმავალი გზა რთული და გრძელი იქნება. თუმცა, მე ოპტიმისტიც ვარ, რადგანაც ვხედავ საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის უდიდეს მისწრაფებას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით“, დასძინა მან.
 
ნატომ საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა 29 ოქტომბერს დაამტკიცა.
 
“სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს თავდაცვის, პოლიტიკური დ ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, იგი ასევე მოიცავს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს. ეს არის ორწლიანი პროგრამა და ყოველი წლის ბოლოს გაიმართება შემაჯამებელი კონფერენცია ნაკლოვანებებისა და ასევე მიღწეული შედეგების შეფასების მიზნით“, განუცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა “სივილ ჯორჯიას“ 4 ნოემბერს.
 
სხეფერმა დაადასტურა ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდა.
 
სააკაშვილის განცხადებით, თბილისი “მზად არის კომპრომისისთვის, თუმცა არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე“.
 
“არავის უნდა ეგონოს, რომ შესაძლებელია ჩვენი ფუნდამენტალური საგარეო პოლიტიკური მიმართულების შეცვლა ზეწოლის გზით. აქვე მინდა განვაცხადო, რომ კარგი ურთიერთობები რუსეთთან ასევე ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიმართულების ნაწილია“, დასძინა პრეზიდენტმა.
 
ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 1999 წლის ეუთოს სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილება და გაიყვანოს სამხედრო ბაზები საქართველოდან.
 
“ეჭვგარეშეა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ეუთოს სტამბოლის სამიტზე ნაკისრი ვალდებულებები. ნატოს კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთის ფედერაციასთან და რუსეთმა კარგად იცის ნატოს პოზიციის თაობაზე, რომელიც ახლა განვაცხადე … მოდით ასე ვთქვათ, საყოველთაო პოზიციაა, რომ რუსეთმა სრულად უნდა შეასრულოს სტამბოლის ვალდებულებები“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
 
იაპ დე ჰოოპ სხეფერმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო არ ეპაექრება რეგიონის რომელიმე ქვეყანას.
 
“მინდა ნათლად განვაცხადო – აქ იმიტომ არ ჩამოვედი და ნატო იმიტომ არ არის აქ, რომ ეპაექროს რომელიმე ქვეყანას ან რომელიმე სხვა ორგანიზაციას. ჩემი აქ ყოფნის არსი ის არის, რომ ნატოს კარი ღიაა ნებისმიერი ერისთვის, მათ შორის საქართველოსთვის“, აღნიშნა სხეფერმა.
 
სხეფერის თქმით, მისი ვიზიტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში იმის დასტურია, რომ რეალურად მოქმედებს ნატოს სტამბოლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ცენტრალურ აზიასა და კავკასიის ქვეყნების მიმართ ყურადღების გაძლიერების თაობაზე. 


ამ გადაწყვეტილების რეალიზაციის მიზნით, რობერტ სიმონსი დაინიშნა ნატოს სპეციალურ წარმომადგენლად ამ ორ რეგიონში. ამჟამად, რობერტ სიმონსს პოლიტიკურ საკითხებში და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა უკავია.
 
გარდა ამისა, ნატოს თითო მეკავშირე ოფიცერი ეყოლება თითოეულ რეგიონში. რობერტ სიმონსმა სექტემბერში განაცხადა, რომ ნატოს კავკასიის მეკავშირე ოფიცრის ოფისი თბილისში გაიხსნება და იგი თავდაცვის სამინისტროსთან ითანამშრომლებს.
 
“საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს მთავარი აქცენტი სამოქმედო გეგმის შესრულებასა და რეფორმებზე კეთდება. ასევე მივემგზავრები სომხეთსა და აზერბაიჯანში, სადაც შევიტყობ, თუ აქვთ სურვილი ნატოსთან თანამშრომლობის და რა სტადიაშია მათი ურთიერთობა ჩვენ ორგანიზაციასთან. აუცილებელია, რომ ნებისმიერმა სუვერენულმა სახელმწიფომ თავად გადაწყვიტოს ნატოსთან ურთიერთობების საკითხი. ზოგი ქვეყანა სხვებთან შედარებით უფრო ამბიციურია. მინდა ამჟამად ყურადღება სამხრეთ კავკასიაზე გავამახვილო, ისევე როგორც ეს ორი კვირის წინ ჩემი ვიზიტის დროს ცენტრალური აზიის მიმართ გავაკეთე. ამ რეგიონებს სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებათ. ამდენად, საქართველო მნიშვნელოვანია ნატოსთვის“, დასძინა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა.


 

მსგავსი/Related

Back to top button