ახალი ამბები

აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ ბაღაფში გამარჯვებულად გამოაცხადა







55 წლის სერგეი ბაღაბში თვითგამოცხადებული
აფხაზეთის ახალი ლიდერი ხდება.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.


პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ სარჩელი შეიტანა უზენაეს სასამართლოში აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 11 ოქტობრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. ამ გადაწყვეტილების თანახმად, ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში გამოცხადდა გამარჯვებულად ხმების 50.08%-ით. 


“იტარ-ტასის“ ცნობით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას რაულ ხაჯიმბას მომხრეთა პროტესტი მოჰყვა, რომლებიც უზენაესი სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ. თუმცა, რაულ ხაჯიმბამ თავის მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. 


“უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა“, აცხადებს “იტარ-ტასი“ ხაჯიმბას სიტყვებზე დაყრდნობით.


55 წლის სერგეი ბაღაფში ვლადისლავ არძინბას შეცვლის პრეზიდენტის პოსტზე.


გავლენიანი აფხაზი ბიზნესმენი სერგეი ბაღაფში, რომელსაც 1999 – 2000 წლებში აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, აფხაზეთში ომის ვეტერანთა დიდი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს. 2000 წლიდან იგი “ჩერნომორენეგროს“ გენარალური დირექტორია. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს კი აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს პირველი მოადგილე იყო.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას თქმით, ბაღაფშის პრეზიდენტობის შემთხვევაში ერთადერთი პოზიტიური მომენტი იქნება ის, რომ ზეწოლა აღარ გაგრძელდება გალის რაიონის მაცხოვრებლებზე, რომელთა ხმებიც გადამწვეტი აღმოჩნდა არჩევნებში მისი წარმატებისთვის.


3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მის შემდეგ სერგეი ბაღაფშს, რომელსაც ქართველი ცოლი ჰყავს, ხშირად ადანაშაულებდნენ პროქართულ პოზიციაში. თუმცა, თავის გამოსვლებში ბაღაფშს არა ერთხელ აღუნიშნავს აფხაზეთისთვის რუსეთის უმნიშვნელოვანესი როლის შესახებ.


გოგა ხაინდრავას თქმით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა აფხაზი ხალხის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, როცა “პრეზიდენტ პუტინის ფავორიტს – რაულ ხაჯინბას მხარი არ დაუჭირა”.


აგვისტოს ბოლოს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, აფხაზეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი რაულ ხაჯიმბა წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა. აფხაზეთს არჩევნებამდე ბევრი რუსი პოლიტიკოსი, მათ შორის პარლამენტარიც, სტუმრობდა, რათა მხარი დაეჭირათ ხაჯიმბას კანდიდატურისთვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button