ახალი ამბები

საქართველო-რუსეთს შორის ჩარჩო ხელშეკრულებაზე მხარეები სექტემბერში იმსჯელებენ

თბილისში რუსეთისა და საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულების პროექტი განიხილეს. პროექტი ითვალისწინებს საქართველო-რუსეთს შორის კეთილმეზობლობას, თანამშრომლობას და ერთობლივი უსაფრთხოების ზომების გატარებას.


მხარეების განცხადებით, პროექტის ძირითადი პუნქტები უკვე შეთანხმებულია, თუმცა დარჩენილია რამდენიმე შეუთანხმებელი საკითხი. ამის შესახებ განცხადებას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, თუმცა მასში შეუთანხმებელი საკითხები დაკონკრეტებული არ არის. 


ცნობილია, რომ რუსული მხარე ითხოვს ხელშეკრულებაში ჩაიდოს ისეთი დებულება, რომელიც საქართველოს აუკრძალავს საკუთარ ტერიტორიაზე მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსებას.  
 
“შეთანხმებულია მთავარი საკითხი ერთობლივი მუშაობის გაგრძელების შესახებ“, ნათქვამია 16 ივლისის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
 
ორი ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მორიგი შეხვედრა თბილისში, სექტემბერში გაიმართება.
 
რუსეთის დელეგაცია, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იგორ სავოლსკი ხელმძღვანელობდა, თბილისში 16 ივლისს ჩამოვიდა. ქართულ მხარეს მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მერაბ ანთაძე წარმოადგენდა.
 
რუსეთ-საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების პროექტის მომზადების შესახებ შეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსკოვში [11 თებერვალს] მის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას იქნა მიღწეული.
 
სავარაუდოდ ხელშეკრულებას ხელი შემოდგომაზე, ვლადიმერ პუტინის საქართველოში ვიზიტის დროს მოეწერება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button