ახალი ამბები

ახალ პარლამენტში ძალთა გადანაწილება







სააკაშვილის პარტიას ახალ პარლამენტში 153
დეპუტატი ეყოლება.
როგორც მოსალოდნელი იყო, 28 მარტის არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიამ ახალ პარლამენტში აბსოლიტური უმრავლესობა მოიპოვა. 7% ბარიერი ზომიერმა ოპოზიციამ – „ახალი მემარჯვენეებისა“ და „მრეწველების“ კოალიციამაც გადალახა.

18 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რომლის მიხედვით მმართველმა პარტიამ „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატებმა“ ხმათა 66,24% მიიღო, „მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები-ახლები“ – 7,96%.

დანარჩენი 10 პარტია და 4 ბლოკი პარლამენტს მიღმა დარჩა, მათ შორის აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის პარტია „დემოკრატიული აღორძინების კავშირი.“

სხვა პარტიებზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ლეიბორისტები –  6,01%
აღორძინება – 3,89%
თავისუფლება – 4,39%
ედპ-ტრადიციონალისტები – 2,55%
ერთობა – 2,47%








ცესკო-მ არჩევნების საბოლოო შედეგი 11 ხმით
დაამტკიცა 2-ის წინააღმდეგ.
შემაჯამებელი ოქმს ცესკო-ს 15 წევრიდან 11-მა დაუჭირა მხარი. ოქმის დამტკიცების წინააღმდეგ აღორძინების ორი წევრმა მისცა ხმა. ლეიბორისტების წარმომადგენელმა სხდომა დატოვა. ლეიბორისტები შედეგების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ. ცესკო-ს ერთი წევრი სხდომას არ ესწრებოდა.

არჩევნების შემაჯამებელ ოქმში არ შესულა ხულოსა და ქობულეთის საარჩევნო ოლქების შედეგები, რომელიც ცესკო-მ 2 აპრილს გააუქმა. განმეორებითი არჩევნები ამ ორ ოლქში 18 აპრილისთვის იყო დანიშნული, თუმცა ჩატარება ვერ მოხერხდა აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობის გამო.

შედეგად, პროპორციული წესით არჩეული 150 დეპუტატიდან მმართველ პარტიას 135 ეყოლება, დანარჩენ 15 კი „მემარჯვენე ოპოზიციის“ წარმომადგენელი იქნება.

როგორც ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ 2 ნოემბრის არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები გააბათილა, ხოლო 75 ოლქში ჩატარებული მაჟორიტარული არჩევნების შედეგები ძალაში დარჩა. შესაბამისად 28 მარტს პარტიები 235 ადგილიან პარლამენტში 150 მანდატისთვის იბრძოდნენ. 10 ადგილი პარლამენტში აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკუთვნით.

75 მაჟორიტარი დეპუტატიდან 18 “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების” წევრია; “მემარჯვენე ოპოზიციას” 8 მაჟორიტარი ყავს (4 – “ახლებს” და 4 – “მრეწველებს”); “ლეიობორისტებს” – 4, ხოლო აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის პარტიას “აღორძინების კავშირს” – 6.

19 მაჟორიტარი ნოემბრის მოვლენებამდე ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის პარტიაში შედიოდნენ, თუმცა მრავალი მათგანი ახალი ხელისუფლების მიმართ უკვე საკმაოდ ლოაილურად არის განწყობილი. დარჩენილი 20 მაჟორიტარი კი უპარტიოა.

საერთო ჯამში, მმართველ პარტიას ახალ პარლამენტში 153 დეპუტატი ეყოლება, ხოლო “მემარჯვენე ოპოზიციას” – 23. საკონსტიტუციო უმრავლესობას 235 ადგილიან პარლამენტში 157 ხმა შეადგენს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „აღორძინების“ 6 მაჟორიტარი დეპუტატი ჯერ-ჯერობით არ აპირებს ახალ პარლამენტში მუშაობის დაწყებას. მათ შორის არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ გოგიტიძე და აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე როსტომ დოლიძე.

როგორც მოსალოდნელია, ახალი პარლამენტის პირველი სხდომა 21 აპრილს გაიმართება.

მსგავსი/Related

Back to top button