
აშშ რუს სამშვიდობოთა მანდატის გაგრძელებას უჭერს მხარს
(თბილისი, 21 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – აშშ აფხაზეთში განლაგებული რუსი სამშვიდობო ძალების მანდატის ექვსი თვით გაგრძელებას უჭერს მხარს, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის რიჩარდ ბაუჩერის მიერ 20 ივნისს გამოცემულ პრესრელიზში. დსთ-ის ეგიდით განლაგებულ რუსეთის სამშვიდობო ძალებს კონფლიქტის ზონაში ყოფნის ვადა 30 ივნისს გასდით. “სასურველია, თუ აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში მონაწილე მხარეები თბილისსა და სოხუმს შორის ძირითად უფლებამოსილებათა გადანაწილების შესახებ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მიერ მიღებულ დოკუმენტს გაიზიარებენ. ჩვენ მხარეებს დიალოგის დაწყებისკენ და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ძირითადი საკითხების გადაწყვეტისკენ მოვუწოდებთ”, ნათქვამია პრესრელიზში. გაეროს დოკუმენტის დეტალები კვლავ უცნობი რჩება, თუმცა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, ის აფხაზეთის სტატუსს საქართველოს შემადგენლობაში განიხილავს. აფხაზური მხარე დოკუმენტზე დაყრდნობით მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგ გამოდის. “საქართველოს მსგავსად, კონფლიქტის დასარეგულირებლად აშშ-ის პოლიტიკურ მოლაპარაკებებში პროგრესის გაჩენა და დევნილთა სამშობლოში დაბრუნება სურს”, ნათქვამია პრესრელიზში.