
სადავო პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
საქართველოს სადავო პარლამენტმა 10 დეკემბერს გამართულ სხდომაზე 80 ხმით ცხრის წინააღმდეგ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.
ბიუჯეტის პროექტი „ქართული ოცნებისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარუდგინა.
მისი თქმით, 2026 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-ს შეადგენს. საშუალო ინფლაციის პროგნოზი 2026 წელს 3.3%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%). ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 114.1 მილიარდ ლარის ოდენობით.
ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 27.4 მილიარდი ლარის ოდენობით, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.5%-ს შეადგენს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მომდევნო წელს 33.5%-მდე შემცირდება. 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 36.285 მილიარდ ლარს შეადგენს, შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი კი 30.76 მილიარდი ლარის ოდენობით განისაზღვრება, განაცხადა მინისტრმა.
საბიუჯეტო დაფინანსება შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 9.66 მლრდ ლარი;
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – 2.7 მილიარდი ლარი;
- კულტურის სამინისტრო – 365 მლნ ლარი;
- სპორტის სამინისტრო – 325 მლნ ლარი;
- ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 3.113 მლრდ ლარი;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 808 მლნ ლარი;
- რეგიონული განვითარების სამინისტრო – 133 მლნ ლარი;
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 928 მლნ ლარი;
- ფინანსთა სამინისტრო – 130 მლნ ლარი;
- იუსტიციის სამინისტრო – 443 მლნ ლარი;
- საგარეო საქმეთა სამინისტრო – 225 მლნ ლარი;
- თავდაცვის სამინისტრო – 1.89 მილიარდი ლარი;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო – 1.547 მილიარდი ლარი;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – 380 მლნ ლარი.
This post is also available in: English