
სსო-ები: კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის
სამოქალაქო საზოგადოების 50-ზე მეტმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც მათი აზრით, „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშაა, „გამოიყენება არა იმისთვის, რომ ამხილოს და პასუხი აგებინოს კორუფციაში მონაწილე მაღალჩინოსნებს, არამედ იმისთვის, რომ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენონ დამოუკიდებელ, ქართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბოლო მონიტორინგზე დაყრდნობით, რომლის ფარგლებშიც დეტალურად იქნა აღწერილი სავარაუდო კორუფციული სქემები, რომლებითაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან და პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სარგებელი მიიღეს, 53-მა ორგანიზაციამ 10 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს სავარაუდო კორუფციული საქმეები ბიუროს ანგარიშებში არ არის ასახული, „მიუხედავად იმისა, რომ ბიუროს კანონით ევალება თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების კონტროლი და საეჭვო გარიგებებზე რეაგირება“.
„ბიუროს მიერ წარდგენილი ანგარიშები ფორმალური ხასიათისაა, მათში არ ფიქსირდება არც ერთი ელიტური კორუფციის შემთხვევა, არც ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტი და არც კონკრეტული ქონებრივი გარიგებების შეფასება. ასეთი მიდგომა ცხადყოფს, რომ ბიურო რეალურად არ ახორციელებს პრევენციულ ან მაკონტროლებელ ფუნქციას, არამედ ემსახურება პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციების თქმით, ბიურო „გამოიყენება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნის ინსტრუმენტად. დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ავალებენ ბიუროს მიაწოდონ მოცულობითი ინფორმაცია, მათ შორის, პირადი მონაცემები, 2024 წლიდან დღემდე შესრულებულ საქმიანობაზე, რაც უპრეცედენტო ჩარევაა სამოქალაქო სექტორის დამოუკიდებლობაში“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 2025 წლის სექტემბერში, ბიურომ დაიწყო 80-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის „მონიტორინგი”, „გრანტების შესახებ კანონში” აპრილში მიღებული ცვლილებების ფარგლებში. „აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებას და არათანაბრად აზარალებს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებზე მომუშავე ორგანიზახიებს“, – ნათქვამია განცხადებაში. „ეს ქმედებები ასახავს მზარდ ტენდენციას, რომლის პირობებშიც მიტაცებული სახელმწიფო აპარატი მიმართულია სამოქალაქო სექტორის საქმიანობის შეზღუდვაზე, ხოლო ხელისუფლების კორუმპირებული წარმომადგენლები ხელშეუხებლები რჩებიან“.
This post is also available in: English
