
„ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რამშტაინის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
„ქართული ოცნების“ მთავრობის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში რამშტაინის ფორმატში გამართულ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 28-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.
შეხვედრა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ჰილიმ გახსნეს. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, ტელე-კონფერენციისსაშუალებით კი, სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
შეხვედრას უკრაინისთვის მოკავშირეების მხრიდან უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერა მოყვა. „ჩვენ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა.
This post is also available in: English