skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა “ოცნების” ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს მწვანე შუქი აუნთო

19 ივლისს, რიგგარეშე სესიაზე, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 82-ით ნულის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ამნისტიის შესახებ კანონპროექტს. კანონპროექტის საბოლოოდ მიღერების შემდეგ, რაც სავარაუდოდ ამ შემოდგომაზე, გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნების წინ მოხდება, პატიმრებს, რომლებმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ზე მეტი მუხლით განსაზრღვული დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამე ჩაიდინეს, ამნისტია შეეხებათ.

ამნისტია ითვალისწინებს პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან სრულ გათავისუფლებას ან სასჯელის განახევრებას, სასჯელის შემცირებას ერთი მეოთხედით, სასჯელის შემცირებს ერთი მეექვსედით, ან პრობაციონერებისათვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.

ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებული არიან მკვლელობისთვის, ნარკორეალიზატორობისთვის; სქესობრივი დანაშაულებისათვის; ყაჩაღობისთვის; ტერორიზმისთვის; კორუფციული და სამოხელეო დანაშაულებისთვის, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულობისთვის; კონვენციური დანაშაულებისთვის; ტრეფიკინგისა და სხვა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის.

ამნისტიის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის მეთაურის რანგში პარლამენტისთვის პირველად წარგენილი ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა 28 ივნისს. მან აღნიშნა, რომ სასურველია პატიმართა რაოდენობის მესამედით შემცირება და მისი ოპტიმალური ევროპული მაჩვენებლისთვის მიახლოება.

ევროპის საბჭოს სასჯელაღსრულების წლიური სტატისტიკის-SPACE I-ის მიხედვით, 2023 წლის 31 იანვრის მონაცემებით, საქართველოში პატიმართა რაოდენობა ასი ათას მოსახლეზე “ძალიან მაღალია” და 25 პროცენტზე მეტით აღემატება მედიანურ ევროპულ მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ქართული ოცნება სათავეში პატიმართა რაოდენობის შემცირების დაპირებით მოვიდა, რაც მისი შეფასებით არაგონივრულად მაღალი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. თუმცა, საქართველოს პატიმართა რაოდენობა 100 000 მოსახლეზე 2013 წელს 219.2-დან 2023 წელს 256.1-მდე გაიზარდა.

ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განმარტა, რომ ამნისტია 4839 პატიმარს, ხოლო დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხი 1000 პატიმარს შეეხება.

“დღეის მდგომარეობით, ამნისტიის გამოცემის საკითხზე მსჯელობის აქტუალობას ძირითადად განაპირობებს ის გარემოება, რომ 100 000 მოსახლეზე პატიმართა რიცხოვნობის მიხედვით საქართველო ევროპის საბჭოს წევრ 46 ქვეყანას შორის ბოლოდან მეორე ადგილზეა და მხოლოდ თურქეთს უსწრებს,” ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პატიმართა რაოდენობა 2022 წელს 9542-ს შეადგენდა, ამჟამინდელი მაჩვენებელი კი 10 400-ია. ქართული ოცნება აცხადებს, რომ კანონის მიღება “ჰუმანიზმის პრინციპებიდან” გამომდინარეობს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში პატიმართა რიცხოვნობა შეადგენდა 9542 პირს. 2023 წელს პატიმართა რიცხოვნობა კვლავ მატებას განაგრძობდა და 9 868 პირი შეადგინა, ხოლო ამჟამად, პატიმართა რიცხოვნობა 10 400 პირს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ა.წ. თებერვალში, საპარლამენტო ოპოზიცია “გირჩმა” დაარეგისტრირა ამნისტის კანონპროექტი, რომელსაც მხარს სხვა ოპოზიციური ჯგუფებიც უჭერდნენ, მათ შორის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ევროპელი სოციალისტები”, “მოქალაქეები”, და დამოუკიდებელი დეპუტატები. კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია პატიმართა დიდ ნაწილს უნდა შეხებოდა, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც დანაშაული არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩაიდინეს. თუმცა, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა ამნისტიის საკუთარი ვერსია შეემუშავებინა.

საპარლამენტო ოპოზიცია “გირჩმა” გადაწყვიტა, მხარი დაეჭირა ოცნების კანონპროექტისთვის. “”ცალსახა იყო, რომ ამნისტია გასაკეთებელია. ეს არ არის ისეთი ამნისტია, რომელიც ჩვენ გვინდა… არ არის საყოველთაო ამნისტია. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის იმგვარი, რაც ჩვენ გვინდოდა, ჩვენ მაინც მხარს დავუჭერთ იმიტომ, რომ ბევრ პატიმარს ეხება…,” განაცხადა “გირჩის” დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

არაერთგვაროვანი დამოკიდებულება კანონპროექტისადმი

მმართველი გუნდის ამნისტიის კანონპროექტმა ზოგიერთი იმ პატიმრის უკმაყოფილება გამოიწვია, ვინც ამნისტიის კრიტერიუმებში ვერ ჯდება. ისინი ამნისტიის გაფართოებას ითხოვენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქუთაისის, რუსთავის (ქალთა ციხე) და ქსნის ციხეებში ზოგიერთი პატიმარი შიმშილობს.

“ვაპროტესტებთ ამ ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც არ გვეხება, არავის, არანაირად და ვითხოვთ, შეგვეხოს ყველას, თუნდაც ერთი მეოთხედით და არ ვაპირებთ შეწყვეტას [შიმშილობის], სანამ სასიკეთოდ არ შეიცვლება არაფერი…,” უთხრა ტვ პირველს ქალთა ციხის ერთ-ერთმა პატიმარმა.

“ჩემი შვილის საკანში სამი არიან და სამივენი შიმშილობენ…ამნისტიას ითხოვენ, ერთი მეოთხედი მაინც, რომ შეეხოს ყველა პატიმარს, ყველას ერთნაირად და არა გამორჩეულად,” უთხრა მთავარ არხს ქსნის ციხის ერთ-ერთი პატიმრის დედამ.

ნათია მეზვრიშვილი, ქართული ოცნების მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ახლა ოპოზიციური პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი წევრი ფიქრობს, რომ ამნისტია ძირითადად გათვლილია პრობაციონერებსა და “ზონდერებზე,” “რომლებსაც წინასწარ აუნთეს მწვანე, რომ ხალხი სასტიკად ეცემათ და ამნისტიას შეახებდნენ.” რაც შეეხება პატიმრებს, მეზვრიშვილის აზრით, ქართული ოცნება ფიქრობს, რომ “პატიმარი ისედაც ციხეშია და მარტივად მოახდენენ ზეგავლენას.”

მეზვრიშვილის აზრით, ეს არის ყველაზე “უსამართლო, არაჰუმანური და თაღლითური ამნისტია, რაც კი „ოცნებას“ ოდესმე გაუკეთებია” და ფიქრობს, რომ იგი არ ეფუძნება არანაირ კვლევას.

19 ივლისს, უკმაყოფილო პატიმრების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს საქართველოს პარლამენტთან, საიდანაც შემდეგ პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლეს. ისინი მოითხოვენ, რომ ამნისტია საყოველთაო იყოს.

“აქედან ძალიან ბევრი ისეთი მუხლები არის, რომელ მუხლებსაც საქართველოში პატიმარი საერთოდ არ ყავს. რა აზრი აქვს მაგნაირ ამნისტიას?! მაშინ ისეთ მუხლებს მაინც შეახონ, რომელსაც ნამდვილად ყავს პატიმრები,” თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ქართული ოცნების ამნისტიები

ქართულმა ოცნებამ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამნისტია გამოაცხადა. 2013 წლის მარტის მონაცემებით, 8000-ზე მეტი პატიმარი გათავისუფლდა. საქართველოს პატიმართა რაოდენობა ნახევარზე მეტით შემცირდა 2012 წლის იანვართან შედარებით, როცა პატიმართა რაოდენობა 24 000-ს აჭარბებდა.

ქართულმა ოცნებამ ამნისტია გამოაცხადა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც, და რამდენიმე ამნისტია უკვე მოგვინებით გამოცხადდა. 2021 წელს გამოცხადებული ამნისტიებიდან ერთ-ერთი 2019 წლის 19-21 ივნისის თბილისის ანტისაოოკუპაციო აქციების მონაწილეებისა და სამართალდამცველების ამნისტიას ითვალისწინებდა. ამნისტიის სამართალდამცავებზე გავრცელებამ უთანხმოება გამოიწვია.

არსებობს მოსაზრება, რომ ქართული ოცნება, დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა, პატიმრების საკითხით მანიპულირებს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდებში, როცა იგი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button